კახა კახიშვილი - პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით დამატებითი საკომუნიკაციო ფორმატი შექმნა
კახა კახიშვილი - პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით დამატებითი საკომუნიკაციო ფორმატი შექმნა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შექმნილია უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი და, რომელშიც ჩართულია აღმასრულებელი ხელისუფლების ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელი და სამოქალაქო სექტორი, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საჭიროდ ჩათვალა, კიდევ ერთი ტიპის საკომუნიკაციო წერტილის შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა კახიშვილმა გადაცემა „იმედი Live”-ს ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა ახალი ტიპის ფორმატი, სადაც საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ინტენსიური მუშაობა წარიმართება, დადგინდება ჭეშმარიტება ამა თუ იმ საკითხზე და თუ ხარვეზები ვერ აღმოიფხვრა, არსებობს შემდგომი ინსტანციები, სადაც კონკრეტული განცხადებების დაფიქსირება და საკუთარი პოზიციის დაცვაა შესაძლებელი.

კახა კახიშვილის თქმით, უწყებათაშორის კომისიასთან ერთად, საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში აღნიშნული ფორმატიც მნიშვნელოვანი იქნება.