კახა კახიშვილი - მუშაობის სანაცვლოდ სასჯელის ვადის შემცირების საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტს ალბათ ზაფხულში წარვუდგენთ
კახა კახიშვილი - მუშაობის სანაცვლოდ სასჯელის ვადის შემცირების საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტს ალბათ ზაფხულში წარვუდგენთ

ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, რომელიც შრომა მინუს პატიმრობას უკავშირდება, პარლამენტის წინაშე ალბათ ამ ზაფხულს წარვდგებით, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ციფრი, ერთი სამუშაო დღე მინუს ერთი დღე პატიმრობა პირობითია, რადგან ეს ინიციატივა დამუშავების პროცესშია. ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-სთან ვმუშაობთ. ისინი პრაქტიკის შესწავლაში გვეხმარებიან“, – განაცხადა კახიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ბიზნესსექტორს პენიტენციურ დაწესებულებებში სამუშაო კერების შექმნის თხოვნით მიმართა.

„შესაძლოა, ამ ბიზნესპროექტიდან ბევრი მოგება ვერ ნახო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ შენ ამ საზოგადოების ნაწილი ხარ და თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ადამიანს დაასაქმებ, გამოსვლის შემდეგ ის დანაშაულზე აღარ იფიქრებს, ქვეყანა უფრო უსაფრთხოდ იქნება და შესაბამისად, შენც უფრო უსაფრთხოდ იქნები“, – განაცხადა კახიშვილმა.

როგორც კახიშვილმა აღნიშნა, მისი ღრმა რწმენით, ადამიანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში ერთი წელი იმუშავებს და ყოველდღიურად მუშაობის პროცესში იქნება ჩართული, დანაშაულის ჩადენაზე აღარ იფიქრებს.

„არიან ადამიანები, რომელებიც აშკარად კრიმინალური მენტალიტეტით გამოირჩევიან. მათთვის კრიმინალური მენტალიტეტის პოსტულატის გარდა, არაფერი არსებობს, მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, კრიმინალური მენტალობით არ გამოირჩევიან და ცხოვრების კრიმინალურ ვითარებაში გაგრძელების სურვილი არ აქვთ. ამ ადამიანებს სახელმწიფომ ალტერნატივა უნდა შესთავაზო, რადგან დღეს თუ არაფერს სთავაზობ, იძულებულია, იმათთან ერთად იყოს, ვისაც აშკარად კრიმინალური მენტალიტეტი აქვს. ასეთ ადამიანებს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში გადაყვანას და მუშაობის დაწყებას ვთავაზობთ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.