კახა კახიშვილი - მდგრადი განვითარების დღის წესრიგი ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობისა და კლიმატის ცვლილებების დასაძლევად უნიკალური შესაძლებლობაა
კახა კახიშვილი - მდგრადი განვითარების დღის წესრიგი ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობისა და კლიმატის ცვლილებების დასაძლევად უნიკალური შესაძლებლობაა

დღეს საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული საბჭოს რიგით მეორე სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, საბჭოს თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა და  საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, ლუიზა ვინტონმა გახსნეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების  ეროვნული საბჭოს შეხვედრაზე  ეკონომიკური ზრდის, განათლების, კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის შესახებ იმსჯელეს. ასევე, მოეწყო მდგრადი განვითარების მიზნების ელექტრონული სისტემისა და ვებგვერდის პრეზენტაცია.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვის სამი წელი შეაჯამა.

„საქართველო იმ მოწინავე ქვეყნების რიგშია, სადაც მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაცია და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში ინტეგრირება ადრეულ ეტაპზე განხორციელდა. მდგრადი  განვითარების დღის წესრიგი უნიკალური შესაძლებლობაა ისეთი გამოწვევების დასაძლევად, როგორიცაა ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა და კლიმატის ცვლილება”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

საქართველოში გაერო-ს ხელმძღვანელის, ლუიზა ვინტონის განცხადებით, გაერო მიესალმება საქართველოს შთამბეჭდავ წარმატებას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საქმეში.

„მდგრადი განვითარების მიზნები გაერო-ს სისტემის დნმ-ია. გვეამაყება, რომ გვაქვს შესაძლებლობა, დახმარება გავუწიოთ საქართველოს მთავრობას ჩვიდმეტივე მიზნის განხორციელებაში“,  – განაცხადა ლუის ვინტონმა.

მდგრადი განვითარების საბჭოს სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის,   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს, სადაც  2015 წლიდან დღემდე მიღწეულ პროგრესსა და სტატისტიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე სხვადასხვა სფეროს მიმართულებით თემატური კითხვები დაისვა, რასაც მომხსენებლებმა უპასუხეს.