„იმედია, პანდემია მალე გადაივლის და სტადიონები და ბაზები ფეხბურთელებისთვის მალე გაიხსნება. მთავარია, მედიკოსების რეკომენდაციებს თუ დავიცავთ. პანდემიას აუცილებლად დავამარცხებთ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან კახა კაჭარავა.
საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ მთავარი მწვრთნელის თქმით, პანდემიის შედეგები ფეხბურთზე ცუდად აისახება, რადგან ხანგრძლივი პაუზა არავის წაადგება.
„ფაქტობრივად, წლევანდელი მოსამზადებელი ეტაპი, წყალში ჩაგვეყარა, რაც ყველასთვის დიდი დარტყმაა. ჩვენს ფეხბურთელებს ინდივიდუალური დავალება მივეცით და ისინიც ვარჯიშობენ. მაგრამ 2-კვირიანი ინდივიდუალური მომზადება ერთ ოფიციალურ თამაშსაც ვერ შეედრება. ამ უთამაშებლობის და უვარჯიშებლობის შედეგი ყველა ფეხბურთელს და გუნდს დაეტყობა, სასურველ კონდიციამდე შესასვლელად კი დიდი დრო დასჭირდებათ“.
კახა კაჭარავა საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ ფსიქოლოგიურად ყველაზე ყველაზე რთული ეტაპი აქვს: „ყველა სხვა პრობლემას გაურკვევლობა ემატება – ახლა ვერავინ იტყვის, პანდემიის გამო ვარჯიშს და ჩემპიონატს როდის განვაახლებთ. ეს ყველაზე მძიმე მომენტია, რადგან შეუძლებელია, ფეხბურთი არ მოგვენატროს. იმედია, ჩემპიონატი მალე განახლდება და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება“.