კახა კაჭარავა - „სამტრედიას“ თავდამსხმელი სჭირდება
კახა კაჭარავა - „სამტრედიას“ თავდამსხმელი სჭირდება

„სამტრედიას“ მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ საჩხერის „ჩიხურასთან“ ფრედ დასრულებული შეხვედრის შეფასებისას აღნიშნა, რომ გუნდი თავდამსხმელს ეძებს.

„ვერ ვიტყვი, რომ „ჩიხურასთან“ პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ. ორი საყრდენი თამაშიდან გამოთიშული იყო და მეორე ტაიმში ცვლილებები გავაკეთე. საგოლე მომენტები გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გავიტანეთ, რის გამოც კინაღამ ბოლო წუთებზე დავისაჯეთ“ – ამბობს კახა კაჭარავა.

სამტრედიული გუნდის მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდს შეტევის ხაზში პრობლემები აქვს, რომელთა მოგვარებასაც ახლა ფიზიკურად ვერ ახერხებენ.

„თავდამსხმელის ძიებაში ვართ, რადგან ამდენი საგოლე მომენტის ვერგამოყენება პრობლემაა. სამუშაო ბევრი გვაქვს, რამდენიმე რგოლში გაძლიერება გვმართებს და როდესაც ლეგიონერების ჩამოყვანას შევძლებთ, გავძლიერდებით. ამ ეტაპზე კი ამ პრობლემების მოგვარება შეუძლებელია, რადგან კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ავიამიმოსვლები შეზღუდულია და ლეგიონერები ფიზიკურად ვერ ჩამოდიან“ – აცხადებს კახა კაჭარავა.