„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა ეროვნულ ლიგის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისის „დინამოსთან“ მოგებული (1:0) შეხვედრა შეაფასა. მისი თქმით, მოგებას მეტოქე არანაკლებად იმსახურებდა.
„ძალიან რთული თამაში იყო. ობიექტურად რომ ვთქვათ, „დინამომ“ ჩვენზე მეტი რეალური საგოლე მომენტი შექმნა. მაგრამ ეს ფეხბურთია და იგებს ის, ვინც თავის შანსს უკეთ იყენებს. ალბათ, მოგება სწორედ ამიტომ დავიმსახურეთ. წინა ტურში თავადაც ასე წავაგეთ – „ლოკომოტივთან“ ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ სამი ქულა მეტოქემ მოიპოვა. მიხარია, რომ დღეს ჩვენ გაგვიმართლა“, – ამბობს ჭიაბრიშვილი.
კომენტარი თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამაც გააკეთა.
„საქართველოში შეტევაზე ორიენტირებული ორი გუნდია – „საბურთალო“ და „დინამო“. მიმაჩნია, რომ დღეს ორივე გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა. „საბურთალოს“ მოგება ლაზარე კუპატაძის დამსახურებაა. იმედია, რომ საქართველოს ნაკრებს მისი სახით ძალიან კარგი მეკარე ეზრდება. შესაძლოა, თამაშით კმაყოფილი ვიყო, რადგან ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ შედეგზე იმავეს ვერ ვიტყვი. ბიჭებმა მომენტების გამოყენება ვერ მოახერხეს. სამწუხაროდ, ასეც ხდება“, – აღნიშნა კახა კაჭარავამ.