კახა კაჭარავა - კვარაცხელიამ ევროპას საქართველო გააცნო, ფეხბურთი კი ქვეყნის სახეა #1TVSPORT
კახა კაჭარავა - კვარაცხელიამ ევროპას საქართველო გააცნო, ფეხბურთი კი ქვეყნის სახეა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ ყოფილმა მწვრთნელმა, კახა კაჭარავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, რომელმაც „დინამოში“ სადებიუტო თამაში მისი ხელმძღვანელობით ჩაატარა.

„როდესაც „დინამოში“ დავინიშნე, ხვიჩა 14-15 წლის იყო და აკადემიაში თამაშობდა. მაშინ ახალ გუნდს ვქმნიდით და აქცენტი ნიჭიერ ახალგაზრდა მოთამაშეებზე გავაკეთეთ. ხვიჩა პროგრესირებდა. 16 წლის იყო, მთავარ გუნდში ფოთის „კოლხეთთან“ 30 წუთი რომ ვათამაშე. შემდეგ ძირითადში დავაყენე ქობულეთის „შუქურასთან“, სადაც პირველი გოლი გაიტანა.

აკადემიის შეხვედრებს ვესწრებოდი და მას ხან მარჯვენა მცველადაც ათამაშებდნენ, ხან – მარცხენა მცველად, ხანაც – შემტევად. მხოლოდ მეკარედ არ მინახავს, თორემ თითქმის ყველგან იყო.

როდესაც ფეხბურთელი გუნდში ამყავდა, სულ მსურდა, მაღალ დონეზე ეთამაშა. ხვიჩა კვარაცხელიამ კი „ნაპოლიში“ გამოსვლით თავი მთელ ევროპას გააცნო და საქართველოთი დააინტერესა. ფეხბურთი ქვეყნის სახეა. ხუთი უცხოელი ჟურნალისტი მესაუბრა, აინტერესებდათ, ხვიჩამ როგორ დაიწყო კარიერა.

ახალგაზრდა ბიჭი საქართველოდან ჩავიდა იტალიის ჩემპიონატში და, რეალურად, იქ საუკეთესო ფეხბურთელია. ოსიმენი ისეთი ფორვარდია, მომენტი თუ არ შეუქმენი, ვერ გაიტანს. ხვიჩას კი შექმნაც შეუძლია და გატანაც. ფეხბურთში შეფასების უფრო მაღალი კრიტერიუმი არ არსებობს“, – განაცხადა კახა კაჭარავამ.