კახა იმნაძემ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს უშიშროების საბჭოს ვირტუალურ ღია დებატში თემაზე „ბავშვები და შეიარაღებული კონფლიქტი: სკოლებზე თავდასხმები, როგორც ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა“
კახა იმნაძემ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს უშიშროების საბჭოს ვირტუალურ ღია დებატში თემაზე „ბავშვები და შეიარაღებული კონფლიქტი: სკოლებზე თავდასხმები, როგორც ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა“

გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს უშიშროების საბჭოს ვირტუალურ ღია დებატში თემაზე „ბავშვები და შეიარაღებული კონფლიქტი: სკოლებზე თავდასხმები, როგორც ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა“. ინფორმაციას გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავის სიტყვაში იმნაძემ განაცხადა, რომ წელს აღინიშნება თავდასხმისგან განათლების დაცვის პირველი საერთაშორისო დღე, უსაფრთხო სკოლების დეკლარაციის მე-5 წლისთავი და დაცვის პასუხისმგებლობის (R2P) პრინციპის მიღების 15-ე წლისთავი. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა შეშფოთება გამოხატა, რომ გაერო-ს გენერალური მდივნის უახლესი ანგარიში „ბავშვები და შეიარაღებული კონფლიქტი“ ასახავს 927 თავდასხმას სკოლებსა და საავადმყოფოებზე 2019 წელს.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ არსებულ რთულ ვითარებაში, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია გენერალური მდივნის გლობალური ცეცხლის შეწყვეტის მოწოდების შესრულება, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში. იმნაძის თქმით, კონფლიქტით დაზარალებული ბავშვების ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლება, ირღვევა საოკუპაციო ძალის მიერ, რომელიც ადგილზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს.

კახა იმნაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს ე.წ. სასაზღვრო ნიშნებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რაც ადგილობრივ ბავშვებს აბროკლებს საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ხარისხიანი განათლების მიღებაში. მეტიც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ისევ მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და სამედიცინო ევაკუაცია.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ზემოხსენებული კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონული მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეღწევის აუცილებლობას.