კახა იმნაძემ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს უშიშროების საბჭოს ვირტუალურ ღია დებატში​ „მშვიდობის შენება და შენარჩუნება: პანდემია და მშვიდობის შენარჩუნების სირთულეები“
კახა იმნაძემ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს უშიშროების საბჭოს ვირტუალურ ღია დებატში​ „მშვიდობის შენება და შენარჩუნება: პანდემია და მშვიდობის შენარჩუნების სირთულეები“

გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს უშიშროების საბჭოს ვირტუალურ ღია დებატში, თემაზე „მშვიდობის შენება და შენარჩუნება: პანდემია და მშვიდობის შენარჩუნების სირთულეები“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა იმნაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეშაა უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრის მხრიდან. საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევითა და გენერალური მდივნის გლობალური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდების საპირისპიროდ, რუსეთის ფედერაციამ გაზარდა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების მასშტაბი.

„როგორც საქართველოს წარმომადგენელმა განაცხადა, ეთნიკური დისკრიმინაციებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის პროცესმა, ე.წ. გადასასვლელი ადგილების ჩაკეტვასთან ერთად, უფრო დაამძიმა სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონებში და გამოიწვია 15 ადამიანის სიკვდილი, რომლებსაც არ მისცეს სამედიცინო ევაკუაციის საშუალება. ამასთან, რუსეთის ფედერაციამ გააძლიერა ჰიბრიდული ომის იარაღი და დეზინფორმაციის კამპანია და თავს დაესხა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ ლაბორატორიას – რიჩარდ ლუგარის ცენტრს, ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს ადგილზე, რომლის მანდატიც საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე მშვიდობისა და უსაფრთხოების ფასილიტაციაა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ელჩმა განაცხადა, რომ საქართველო აგრძელებს თავისი ვალდებულების შესრულებას, უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლებისთვის, რომლებსაც მძიმე ტვირთად აწევთ რუსეთის უკანონო ოკუპაცია პანდემიის დროს.

დატოვე კომენტარი