კახა იმნაძემ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს უშიშროების საბჭოს ვიდეოკონფერენციაში „ბავშვები და შეიარაღებული კონფლიქტი”
კახა იმნაძემ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს უშიშროების საბჭოს ვიდეოკონფერენციაში „ბავშვები და შეიარაღებული კონფლიქტი”

გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ვიდეოკონფერენციაში თემაზე „ბავშვები და შეიარაღებული კონფლიქტი”.

გაერო-ში საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, თავის გამოსვლაში იმნაძემ აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ბავშვთა უფლებების კონვენციისა და მისი შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა ჩართვის დამატებითი ოქმის წევრი, სრულად იღებს ვალდებულებას, შეასრულოს დაწესებული ნორმები, ბავშვი-ჯარისკაცების გამოყენების აკრძალვის შესახებ.

საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ბავშვების უფლებები ისევ უხეშად ირღვევა საოკუპაციო ძალის მიერ, რომელიც ადგილზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს.

კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ არსებული მძიმე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა „კოვიდ-19“-ის პირობებში. ამ რთულ ვითარებაში, როდესაც უაღრესად მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას გენერალური მდივნის მოწოდება გლობალური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რუსეთი აგრძელებს უკანონო ე.წ. „სასაზღვრე ნიშნების” აღმართვას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. მეტიც, რუსეთის მიერ „გადასასვლელი ადგილების” უპასუხისმგებლო და არაადამიანური ჩაკეტვის გამო, მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს, ხელი არ მიუწვდებათ სამედიცინო მომსახურებაზე. შედეგად, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ეთნიკური ქართველების გარდაცვალების რიცხვი წელს 14-მდე გაიზარდა სამედიცინო ევაკუაციის აკრძალვის გამო.

საქართველოს ელჩმა გაერო-ში კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, დაიცვას ბავშვთა უფლებები და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, მოსთხოვოს რუსეთს შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები.