კახა იმნაძემ გენერალური ასამბლეის დებატის ფარგლებში გამოსვლისას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა
კახა იმნაძემ გენერალური ასამბლეის დებატის ფარგლებში გამოსვლისას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა

გაეროს-თან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის დებატის ფარგლებში დღის წესრიგის 63-ე საკითხზე, თემაზე „ვითარება უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

როგორც გაერო-ში საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოსვლაში კახა იმნაძემ განაცხადა, რომ წელს ექვსი წელი სრულდება უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებიდან, რომლის შედეგადაც 13 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 29 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

„3,5 მილიონ ადამიანს ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება. ყირიმისა და დონბასის 1.4 მილიონზე მეტი მოსახლე იძულებით გადაადგილებული პირია. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საოკუპაციო ძალების მომარაგებას მძიმე შეიარაღებით, რეგულარული საჯარისო ნაწილებით და დაქირავებული მებრძოლებით. მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი მილიტარიზაცია. გაერო-ს მონაცემების შესაბამისად, ეს ტერიტორიები ერთ-ერთი ყველაზე მეტად დანაღმული ტერიტორიებია“,- განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარეობს ჰიბრიდული ომიც, რაც მოიცავს ტყუილსა და ფალსიფიკაციებზე დაფუძნებულ პროპაგანდას, ეკონომიკურ წნეხს, ენერგობლოკადასა და კიბერთავდასხმებს.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორი დღის წინ, დებალცევოს ტრაგედიის ხუთი წლის თავზე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს კიდევ ერთი თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ.

„იმნაძემ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციითა და ანექსიით რუსეთი უხეშად არღვევს არამარტო გაერო-ს წესდებას, ჰელსინკის დასკვნით აქტსა და სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებს, არამედ წარმოადგენს ევროპაში საზღვრების გადაწევის მცდელობას და უშუალო საფრთხეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გამოხატა ღრმა შეშფოთება უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევების გამო. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს (OHCHR) კვლავ არ ეძლევა ამ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობა, ისევე, როგორც ეუთო-ს მონიტორინგის სპეციალურ მისიას. რუსეთი ასევე, დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აწარმოებს არალეგალური პასპორტიზაციის პოლიტიკას, სადაც უკვე 200 000-ზე მეტი რუსული პასპორტია გაცემული.

იმნაძემ ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი კარგად ნაცნობია ქართველი ხალხისთვის, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გასულ პერიოდში განხორციელებული კიბერთავდასხმების გათვალისწინებით. გამოძიების შედეგები დღეს გასაჯაროვდა და პარტნიორმა სახელმწიფოებმა უკვე გააკეთეს შესაბამისი განცხადებები. რუსეთის დესტრუქციული ქმედებები მისი სუვერენული მეზობლების წინააღმდეგ ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ხელყოფს.

დასასრულს, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გაერო-ში საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს.

დატოვე კომენტარი