კახა იმნაძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დებატებზე რუსეთს მოუწოდა, უკან წაიღოს საქართველოსა და უკრაინის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად უკანონო აღიარება
კახა იმნაძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დებატებზე რუსეთს მოუწოდა, უკან წაიღოს საქართველოსა და უკრაინის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად უკანონო აღიარება

გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ დებატებზე, თემით: „სიტუაცია უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

„ეროვნულ განცხადებაში კახა იმნაძემ უმკაცრესად დაგმო 2022 წლის 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება. კახა იმნაძის თქმით, რუსეთის აღნიშნული გადაწყვეტილება და შედეგად უკრაინის რეგიონებში სამხედრო ძალების გაგზავნა, არღვევს გაერო-ს ქარტიისა და ჰელსინკის ფინალური აქტის ფუნდამენტურ პრინციპებს და წინააღმდეგობაში მოდის თავად რუსეთის მიერ ბუდაპეშტის დეკლარაციითა და მინსკის შეთანხმებებით ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან, რომლებიც დამოწმებულია გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2202 (2015) რეზოლუციით.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იგივე ხელწერით მოქმედებს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს გამოიყენა და რომელსაც დღემდე იყენებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის გზით.

საერთაშორისო საზოგადოებისადმი გაკეთებულ მიმართვაში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების მიწების მიტაცების მორიგ ფაქტზე თვალის დახუჭვა და უმოქმედობა, ძირს გამოუთხრის არა მხოლოდ ევროპისა და საერთაშორისო უსაფრთხოებას, არამედ დანაშაულის ტოლფასი იქნება მომავალი თაობების წინაშე“, – აცხადებენ გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობაში.

მათივე ცნობით, დასასრულს, კახა იმნაძემ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, უკან წაიღოს საქართველოსა და უკრაინის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად უკანონო აღიარება, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები ორი ქვეყნის ტერიტორიებიდან და დაემორჩილოს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.