კახა იმნაძე - რუსეთის სამხედრო აგრესია ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ ყველასთვის გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა ყოფილიყო, საქართველოში ნამდვილად ვიცით, რას ნიშნავს შემზარავი ომი
კახა იმნაძე - რუსეთის სამხედრო აგრესია ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ ყველასთვის გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა ყოფილიყო, საქართველოში ნამდვილად ვიცით, რას ნიშნავს შემზარავი ომი

საქართველო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან; შეცვალოს გადაწყვეტილებები უკრაინის განუყოფელი ნაწილების – დონეცკის, ლუგანსკისა და ყირიმის რეგიონების მიმართ და ანალოგიური გააკეთოს საქართველოსთან მიმართებითაც – გაიყვანოს შეიარაღებული ძალები, დაუშვას ჰუმანიტარული წვდომა, უკუაგდოს გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, – ამის შესახებ გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ 28 თებერვალს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-11 საგანგებო სპეციალურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გაერო-ს ერთი წევრი ქვეყნის მიერ შეიარაღებული ძალების გამოყენება მეორე წევრი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, არღვევს გაერო-ს ქარტიის 2.4 მუხლს და წარმოადგენს აგრესიის აქტს. ის, რასაც უკრაინაში ვხედავთ, არის აგრესიის აქტი რუსეთის მხრიდან და ამას ვგმობთ. გასულ კვირაში სწორედ ამ ტრიბუნიდან ვისაუბრე რუსეთის მუდმივ ქცევებზე მისი მეზობლების წინააღმდეგ. რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ ყველასათვის გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ვერ იქნა შესაძლებელი, თავიდან აგვერიდებინა ანალოგიური სცენარი, რომელიც რამდენიმე წლისთავზე უკრაინაში განვითარდა. გეტყვით, რომ ჩვენ საქართველოში ნამდვილად ვიცით, რას ნიშნავს შემზარავი ომი. ვიცით, როგორია მისი გამანადგურებელი შედეგები და ესენი არიან ადამიანები, უდანაშაულო მოქალაქეები, ქალები და ბავშვები, რომლებიც იხდიან უმაღლეს ფასს. ეს გამანადგურებელია არა მხოლოდ მათთვის, ვის თავსაც იმ მომენტში ხდება, არამედ ის გადაეცემა თაობიდან თაობას“, – განაცხადა კახა იმნაძემ.

მისი თქმით, გაერო-ს ქარტიის ძირითადი პრინციპების, „ჰელსინკის აქტის“, ქარტიის „პარიზი ახალი ევროპისთვის“ და ბუდაპეშტის მემორანდუმის თანახმად აღებული ვალდებულებები არ ექვემდებარება განხილვას და გადახედვას არც ერთი ქვეყნის მიერ. საქართველოს ელჩის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყანა რამდენად დიდი და ძლიერი შეიძლება, იყოს.

„ძალების გამოყენებით ტერიტორიების დაუფლება ან ამ მიზნით მუქარა არის არაკანონიერი და დაუშვებელი. საქართველო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან; უფლება მისცეს ყველა საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა მექანიზმებს, დაუყოვნებლივი წვდომა ჰქონდეთ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე; შეცვალოს გადაწყვეტილებები უკრაინის განუყოფელი ნაწილების – დონეცკის, ლუგანსკისა და ყირიმის რეგიონების მიმართ და ანალოგიური გააკეთოს საქართველოსთან მიმართებითაც – გაიყვანოს შეიარაღებული ძალები, დაუშვას ჰუმანიტარული წვდომა, უკუაგდოს გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. საქართველო არის გენერალური ასამბლეის რეზოლუციის კანონპროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი, რომელიც მალე უნდა განვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეზოლუცია ეხება უკრაინას, ეს ყველა ჩვენგანისთვის წყალგამყოფი მომენტია. მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ წარმოდგენილ კანონპროექტს. მხარი დაუჭიროთ, მომავალი თაობების გადარჩენას, მხარი დაუჭიროთ გაერთიანებულ ერებს. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ყირიმისა და დონბასის ჩათვლით და უკრაინის ნავიგაციის უფლებას მის ტერიტორიულ წყლებში“, – განაცხადა კახა იმნაძემ.