კახა იმნაძე - პრემიერის გაერო-ში გამოსვლის დროს დარბაზიდან მანიშნეს და შემდეგაც გვქონდა საუბარი, რომ იყო ძალიან მკაფიო გამოსვლა
პრემიერის გაერო-ში გამოსვლის დროს დარბაზიდან მანიშნეს და შემდეგაც გვქონდა საუბარი, რომ იყო ძალიან მკაფიო გამოსვლა, – განაცხადა გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
მან გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გამოსვლა და ასევე მთლიანად, ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობა შეაფასა.
„წელს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის მართლაც ძალიან უცნაური სეგმენტი გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიაა და ვირტუალურად ხდება ყველაფერი. მაგრამ საქართველოს დელეგაცია ვირტუალურად მართლაც ძალიან ბევრ ღონისძიებაში მონაწილეობს. გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა თავისი მთავარი გამოსვლა გააკეთა გენერალურ ასამბლეაზე, პარალელურად, როგორც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა სხვადასხვა ღონისძიებაში, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩართული, ჩვენი დელეგაცია თბილისიდან.
სამწუხაროდ, ახლა ვერ გავმართეთ ფიზიკური შეხვედრები, რასაც ყოველთვის ვაკეთებდით. დელეგაცია როდესაც ჩამოდიოდა, ჩვენ გვქონდა შანსი, რომ შევხვედროდით იმ ქვეყნებს, რომლებთანაც ყოველდღიურ რეჟიმში ურთიერთობა არ გვაქვს. ევროპულ სახელმწიფოებთან ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ ლათინური ამერიკის, აფრიკის, აზიის, კუნძულოვანი სახელმწიფოებთან, რომლებიც ტერიტორიულად შორის არიან და სხვა რეგიონს წარმოადგენენ, გაერო არის ხოლმე ადგილი, სადაც ჩვენც და მათაც გვაქვს საშუალება, რომ ერთმანეთს შევხვდეთ და ორმხრივი საუბრები გავმართოთ. ამას ახლა მოკლებული ვიყავით, მაგრამ სხვა პარალელურ ღონისძიებებში, რომელიც ტარდება, აქტიური მონაწილეობა გვაქვს“, – განაცხადა კახა იმნაძემ.
იმნაძე აღნიშნავს, რომ პრემიერის გამოსვლა ღონისძიებაზე იყო ძალიან წარმატებული.
„რაც შეეხება პრემიერის გამოსვლას, ძალიან კარგი გამოსვლა იყო. გაერო-ს გენერალური ასამბლეა ახლა ისე არის მოწყობილი, რომ ყველა დელეგაციიდან მარტო ერთი ადამიანი იმყოფება, დარბაზი პრაქტიკულად ცარიელია. ჩემს გვერდზე ზის გერმანიის წარმომადგენელი, წინ არის სალვადორი, უკან უნგრეთი, ჰონდურასი, ავსტრალია, თვითონ გამოსვლის დროსაც ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა მანიშნეს და შემდეგ გვქონდა საუბარი, რომ მართლა ძალიან მკაფიო გამოსვლა იყო პრემიერის მხრიდან. მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის ის, რომ მის გამოსვლას ყურადღება მიაქციეს აფრიკის სახელმწიფოებმა, კუნძულოვანმა ქვეყნებმა.
ის, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების ელჩებმა, უკრაინამ, აზერბაიჯანმა, რომლებთანაც ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს, ყველაფერი კარგად იციან და თავიანთ გამოსვლებში, მაგალითად ლიეტუვამ ძალიან კარგად ილაპარაკა საქართველოს პრობლემატიკასთან დაკავშირებით. ევროპული ქვეყნების მხრიდან ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და მოსალოდნელია, მაგრამ როდესაც აფრიკული, ცენტრალური აზიის, ოკეანეთის ქვეყნები აქცევენ ამას ყურადღებას, ეს მნიშვნელოვანია. მაგალითად, ნამიბიის მხრიდან მომივიდა მესიჯი, რომ ძალიან სხარტი, მკაფიო გამოსვლა იყო, რომელიც ბევრ იმ სახელმწიფოს, რომელმაც არ იცის დეტალები კარგად, აძლევს ინფორმაციას. როდესაც მოკლე გამოსვლაა და ამ მოკლე გამოსვლაში ძალიან ნათლად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ყველაფერი, ამას ყველა აქცევს ყურადღებას და ეს იყო საქართველოს გამოსვლაში, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ არა მხოლოდ ქვეყნებს, არამედ მედიასაშუალებებს, რომლებიც გაერო-ს აქცევენ ყურადღებას. ბევრმა მათგანმა დატვიტა კიდეც მოკლე ფრაზებით, ძირითადი მესიჯები. მართლაც ძალიან წარმატებული შეიძლება ვუწოდოთ ამ ყველაფერს“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს კახა იმნაძემ.