კახა იმნაძე - ჯანდაცვის უნივერსალურ დაზღვევასთან დაკავშირებულ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა უაღრესად მნიშვნელოვანია
კახა იმნაძე - ჯანდაცვის უნივერსალურ დაზღვევასთან დაკავშირებულ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა უაღრესად მნიშვნელოვანია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. პრეზიდენტის გამოსვლა ასამბლეაზე 25 სექტემბერს იგეგმება.

ამასთან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლასთან ერთად სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს ფორმატში გამართულ რამდენიმე სამიტში.

საქართველოს დელეგაციას გაერო-ში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, კახა იმნაძის განცხადებით, წლევანდელი გენერალური ასამბლეა უნიკალურია სწორედ იმით, რომ რამდენიმე სამიტი ტარდება. მათ შორისაა ჯანდაცვის უნივერსალურ დაზღვევასთან დაკავშირებული სამიტი და მდგრადი განვითარების თემებთან დაკავშირებული სამიტი.

კახა იმნაძის თქმით, ამ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან, უნივერსალური ჯანდაცვის თემა ითვალისწინებს იმას, რომ ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და არავინ დარჩეს ჯანდაცვის გარეშე და რაც მთავარია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების გამო ადამიანს სიღარიბეში არ მოუწიოს ცხოვრება.

„საგულისხმოა, რომ მსოფლიოსთვის ამ მნიშვნელოვან საკითხზე მოლაპარაკებები საქართველომ და ტაილანდმა წაიყვანეს. ასეთ დროს ქვეყანა კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება, როგორც პატარა სახელმწიფო, რომელიც მნიშვნელოვან თემებზე გამოდის მთავარ მომლაპარაკებლად“,- განაცხადა კახა იმნაძემ.

იმნაძის ინფორმაციით, პრეზიდენტს საკმაოდ დატვირთული პროგრამა აქვს.

„ნიუ იორკში საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, როგორც გაეროს ფორმატში ასევე, ფორმატის მიღმა. პრეზიდენტს და მინისტრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ როგორც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომელთან კონტაქტიც ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს“,- განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, გენერალური საკონსულო აქტიურადაა ჩართული ამ საკითხებში და ბევრი საინტერესო შეხვედრა იგეგმება.