კახა იმნაძე - გაკვეთილმა, რომელიც არ იყო ნასწავლი 2008 წელს, შედეგი გამოიღო უკრაინის წინააღმდეგ ჯერ 2014 წელს და შემდეგ 2022 წელს, როდესაც ჩვენ ვართ უკრაინაში ომის მომსწრენი
კახა იმნაძე - გაკვეთილმა, რომელიც არ იყო ნასწავლი 2008 წელს, შედეგი გამოიღო უკრაინის წინააღმდეგ ჯერ 2014 წელს და შემდეგ 2022 წელს, როდესაც ჩვენ ვართ უკრაინაში ომის მომსწრენი

გაკვეთილმა, რომელიც არ იყო ნასწავლი 2008 წელს, შედეგი გამოიღო იმავე მეთოდების გამოყენებით უკრაინის წინააღმდეგ ჯერ 2014 წელს, ყირიმსა და დონბასში და შემდეგ 2022 წელს, როდესაც ჩვენ ვართ უკრაინაში ომის მომსწრეები, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გაერო-ში საქართველოს წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2008 წლიდან ადამიანის უფლებათა მონიტორინგის არც ერთ მექანიზმს არ აქვს წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„თქვენს წინაშე წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი ეხება სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირის და დევნილის მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, რომლებიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან გააძევეს, რაც მოხდა ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის დროს, დაწყებული 1993 წლიდან და კულმინაციით 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორცილებული ფართომასშტაბიანი აგრესიით. გაერო-ს ქარტია და ზოგადად ის ყველაფერი, რის დასაცავადაც არის შექმნილი ეს ორგანიზაცია – პრინციპები, რომ ძალის გამოყენება ან ძალის გამოყენების მუქარა დაუშვებელია, რომ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები დაცულია და ორგანიზაციის წევრთა სუვერენიტეტი თანასწორია ,2008 წელს უხეშად დაარღვიეს ჩემი ქვეყნის, საქართველოს წინააღმდეგ. გავბედავ და ვიტყვი, რომ მაშინ ეს დიდწილად შეუმჩნევლად მოხდა. გაკვეთილმა, რომელიც არ იყო ნასწავლი 2008 წელს, შედეგი გამოიღო იმავე მეთოდების გამოყენებით უკრაინის წინააღმდეგ, ჯერ 2014 წელს, ყირიმსა და დონბასში და შემდეგ 2022 წელს, როდესაც ჩვენ ვართ უკრაინაში ომის მომსწრეები“, – განაცხადა იმნაძემ.

კახა იმნაძის განცხადებით, საქართველო უაღრესად მადლიერი იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომელთა შუამავლობითაც მოხერხდა 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა და სისხლისღვრის შეწყვეტა.

„თუმცა, ომი არ დასრულებულა. ის სულ მალე გადავიდა ახალ ფაზაში. ესენია ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიების მცოცავი ანექსია. ამ ფაქტებს მკაფიოდ ადგენს 2016 წელს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და 2021 წლის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. ამ უკანასკნელმა დაადგინა, რომ იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების დარღვევაზე და დევნილების სახლებში დაბრუნებაზე ლეგალური პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რადგან ის ახორციელებს ოკუპირებული რეგიონების ეფექტურ კონტროლს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ძირითადი უფლებები კვლავაც ირღვევა, ხდება მათი იზოლაცია და დისკრიმინაცია, მათ შორის ირღვევა მათი სიცოცხლის უფლება, ჩამორთმეული აქვთ თავისუფლება, ხდება მათი თვითნებური დაკავება, შელახული აქვთ საკუთრების უფლება, დარღვეულია მათი უფლება, ისარგებლონ ჯანდაცვის სერვისებით, შეზღუდულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა და გრძელდება პრაქტიკა, როდესაც იძულებით გადაადგილებული პირების კუთვნილი სახლების დანგრევა ხდება. ეს ფაქტები სისტემატიურად არის წარმოდგენილი გაერო-ს ადმიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ყოველწლიურ ანგარიშებში. მეტიც, 2008 წლიდან ადამიანის უფლებათა მონიტორინგის არც ერთ მექანიზმს არ აქვს წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროკავშირი მონიტორინგის მისიასაც კი, რომელიც 2008 წლის შეთანხმების შედეგად შექმნა, არ ეძლევა უფლება, განახორციელოს საკუთარი მანდატი ამ ტერიტორიებზე, რომელთა ეფექტურ კონტროლს რუსეთი ახორციელებს“, – განაცხადა იმნაძემ.

გაერო-ში საქართველოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ კონფლიქტის დარეგულირება არის კომპლექსური საკითხი და დრო სჭირდება.

„საქართველო პატარა ქვეყანაა და ის დამოკიდებულია მულტილატერალიზმზე. ის დამოკიდებულია ყველა თქვენგანზე კოლექტიურად და ჩვენ ველოდებით, რომ მივაღწევთ კონფლიქტის გონივრულ მოგვარებას პოლიტიკური დიალოგის გზით და მოლაპარაკებებით. იმედია, ასე მალე მოხდება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ადამიანის უფლებები და მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა უფლებები უნდა იყოს დაცული ნებისმიერ დროს“, – განაცხადა კახა იმნაძემ.