კახა იმნაძე - გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩვენმა პარტნიორებმა მკაფიო მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დაგმეს რუსეთის ქმედებები
კახა იმნაძე - გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩვენმა პარტნიორებმა მკაფიო მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დაგმეს რუსეთის ქმედებები

კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ საქართველოს პირველ არხს გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საუბრისას განუცხადა, რომელზეც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, უშიშროების საბჭოს წევრებმა დაგმეს რუსეთის მხრიდან ანექსიის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და რუსეთს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს უკანონო სამხედრო ფორმირებები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან.

„მათ ასევე დაგმეს რუსეთის მხრიდან ანექსიის მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი, ის უკანონო ქმედება, რასაც ადგილი აქვს რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები, ხაზგასმით მოითხოვეს უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება, მათ შორის, ირაკლი ბებუაც იქნა აღნიშნული. ასევე მოითხოვეს, რომ აღდგეს ის მექანიზმები, რომლებიც ადრე ფუნქციონირებდა და ახლა გაჩერებულია – გალის ინციდენტების პრევენციის მექანიზმი. მოუწოდეს ასევე, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში ქმედითი ნაბიჯები იქნას გადადგმული და რაც მთავარია, რუსეთი არის მხარე და ამ მხარემ უნდა შეასრულოს ვალდებულებები, მათ შორის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღებული ვალდებულებები და მოახდინოს თავისი უკანონო სამხედრო ფორმირებების გამოყვანა და ამ ორი რეგიონის სრული დეოკუპაცია“, – აღნიშნა კახა იმნაძემ.