კახა იმნაძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის პირველი კომიტეტის გენერალური დებატის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა
კახა იმნაძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის პირველი კომიტეტის გენერალური დებატის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა

გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის პირველი კომიტეტის (განიარაღება და საერთაშორისო უსაფრთხოება) გენერალური დებატის ფარგლებში.

ინფორმაციას გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.

კახა იმნაძემ განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს ქიმიური იარაღის კონვენციის დისკრიმინაციის გარეშე, სრულ და ეფექტურ შესრულებას. მან ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი ქიმიური იარაღის, მათ შორის, ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამოყენება საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ელჩმა დაგმო რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკ“ ჯგუფის სამხედრო ქიმიური ნერვული აგენტით მკვლელობის მცდელობა, რაც მისი თქმით, როგორც ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ასევე, გერმანიაში, საფრანგეთსა და შვედეთში სამმა დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ დაადასტურა.

კახა იმნაძემ ყურადღება გაამახვილა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული ნივთიერებებისა და მასალების ტრაფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გავლით, ატომური და რადიოაქტიური მასალების კონტრაბანდის მცდელობა მრავალჯერ აღიკვეთა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ.

საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე საუბრისას, ბატონმა იმნაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ამ საფრთხეებთან ბრძოლის ხანგრძლივი და მტკივნეული გამოცდილება აქვს. რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს 90-ების დასაწყისიდან აწარმოებს და არასდროს შეუწყვეტია მცდელობა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური სწრაფვის დასაკნინებლად. საგულისხმოა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს, რუსეთის შეიარაღებული ძალების დაგეგმვით, განხორციელდა ფართომასშტაბიანი თავდასხმა საქართველოს მთავრობის, სამთავრობო უწყებების, მედია ორგანიზაციების და კერძო სექტორის ვებსაიტების, სერვერების და სხვა საოპერაციო სისტემების წინააღმდეგ.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია აწარმოებს რეგულარულ სამხედრო წვრთნებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მის „სამხრეთის სამხედრო ოლქში“ წვრთნების ფარგლებში. უახლესი წვრთნა 21-26 სექტემბერს ჩატარებული „კავკასია 2020“-ა. ბატონმა იმნაძემ დაგმო რუსეთის სამხედრო წვრთნები საქართველოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზები, მასპინძელი ქვეყნის თანხმობის გარეშეა განლაგებული.

ელჩმა მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, და მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადოდ შეაფასონ რუსეთის ფედერაციის მორიგი უკანონო ქმედება.