კახა გოგოლაშვილი - უკრაინასთან მიმართებაში სააკაშვილის გეგმები რეალობას მოწყვეტილია
კახა გოგოლაშვილი - უკრაინასთან მიმართებაში სააკაშვილის გეგმები რეალობას მოწყვეტილია

არ მგონია, სააკაშვილი რუსეთისთვის თამაშობდეს, ეს პრაქტიკულად გამორიცხულია, მაგრამ რეალურად, შესაძლოა, შექმნილი სიტუაცია რუსეთის ინტერესსაც აკმაყოფილებდეს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა კახა გოგოლაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„თუ მაგალითად, სააკაშვილის გამოსვლების გამო უკრაინაში სიტუაცია აირევა და დესტაბილიზაცია დაიწყება, რა თქმა უნდა, ეს რუსეთს აწყობს, მაგრამ სააკაშვილი ამას გამიზნულად არ აკეთებს. მას ძლიერი ინტუიცია აქვს და ცდილობს, პირველ რიგში, დასავლეთის ინტერესზე ითამაშოს. სააკაშვილს უნდა დასავლეთს დაანახოს, რომ ის არის ფიგურა, რომელიც უკრაინაში რაღაცას შეცვლის. მის მიერ გაჟღერებული იდეები დასავლეთს აწყობს. რა თქმა უნდა, დასავლეთში არის ინტერესი, რომ უკრაინაში რაღაც შეიცვალოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც სააკაშვილმა შეცვალოს“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინასთან მიმართებაში რუსეთისა და დასავლეთის ინტერესების თანხვედრა ნაკლებად შესაძლებელია.

„დასავლეთს უკრაინაში ისეთი ხელისუფლების მოსვლა სურს, რომელიც მეტ რეფორმას გაატარებს, დემოკრატიას განავითარებს და მეტად პროდასავლური იქნება. რუსეთს კი პირიქით, უნდა, უკრაინაში მეტი კორუფცია იყოს და ქვეყნის სათავეში ისეთი ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც დასავლეთზე უარს იტყვის. უკრაინაში რეფორმები შეჩერდა და პრაქტიკულად, კორუფციის დამარცხება ვერ მოხერხდა. ოლიგარქები ქვეყანას კვლავ მართავენ და უკრაინის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი უკვე საფრთხის ქვეშ დადგა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დასავლეთში ინტერესით უყურებენ და უნდათ, რაღაც, მინიმუმ, მმართველობის ფორმა შეიცვალოს“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

მისი თქმით, სააკაშვილი უკრაინის კონსტიტუციის გათვალისწინებით ხელისუფლებაში ვერ მოვა, მაგრამ მას ეს არ აინტერესებს.

„სააკაშვილს უნდა, უკრაინაში ლიდერის როლი ითამაშოს. აქ ბევრი ფაქტორი მოქმედებს. მათ შორის ალბათ, საკუთარი თავის, როგორც პოლიტიკოსის რეაბილიტაციაც, რადგან საქართველოში მან ასპარეზი დაკარგა და გამოსავალს უკრაინაში ეძებს. ეს უკვე ფსიქოლოგიური მომენტებია.

ვფიქრობ, უკრაინასთან მიმართებაში მისი გეგმები ცოტა რეალობას მოწყვეტილია, რადგან უკრაინა საქართველო არ არის და იქ ბევრად უფრო რთული გარემოა. უკრაინის ხელისუფლებაში რომც მოვიდეს, პრაქტიკულად შეუძლებელია იმ რეფორმების გატარება, რაც მან საქართველოში თავისი მმართველობის დასაწყისში გაატარა“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.