კახა გოგოლაშვილი - რუსეთს შეუძლია, საქართველოს მიმართ აგრესია ნებისმიერ მომენტში გამოავლინოს
კახა გოგოლაშვილი - რუსეთს შეუძლია, საქართველოს მიმართ აგრესია ნებისმიერ მომენტში გამოავლინოს

ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როცა რუსეთს შეუძლია, საქართველოს მიმართ აგრესია ნებისმიერ მომენტში გამოავლინოს, – განაცხადა „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელმა და პოლიტოლოგმა, კახა გოგოლაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„სულ ცოტა ხნის წინ, მან ეს უკვე გააკეთა უკრაინაში, რომელიც ამხელა სახელმწიფოა. იქ ომს დღემდე აწარმოებს და ამ ომის წარმოება საქართველოსთანაც შეუძლია. ჩვენ კი რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირების რესურსი არ გაგვაჩნია, რადგან, სამწუხაროდ, ჯერ ნატო–ს წევრი ქვეყანა და ისეთი უსაფრთხოების სისტემის ელემენტი არ ვართ, რომელსაც რუსეთისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.

ამ განცხადებით პოლიტოლოგმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა ტიპის პოლიტიკა უნდა აწარმოოს საქართველომ რუსეთთან იმ მოცემულობაში, როცა სულ რამდენიმე დღის წინ პუტინი ატომური ომითა და მსოფლიოს განადგურებით ღიად, ტრიბუნიდან იმუქრებოდა. 

მისი თქმით, ასეთ ვითარებაში, საქართველომ რუსეთთან ადეკვატური პოლიტიკა უნდა აწარმოოს, რადგან სხვა გზა არ არის.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა შელახული აქვს და ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია, რუსეთის ოკუპაცია საქართველოს სხვა ნაწილებზე არ გაგრძელდეს. მეორე მიზანია, ოკუპაცია არ გაღრმავდეს და ანექსიაში არ გადაიზარდოს. სამწუხაროდ, ამ მიმართულებითაც ცოტა რესურსი გვაქვს, რომ რამე გავაკეთოთ და საბოლოო ჯამში, ასეთ ვითარებაში, ალბათ, უფრო ტაქტიკური მოქმედების ამოცანა დგას და პრემიერის წერილიც წმინდა ტაქტიკური ხასიათის იყო“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, რუსეთი კონფლიქტის მხარეა. 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, მაშინდელმა მთავრობამ საზოგადოებრივი მხარდაჭერით რუსეთი მხარედ ჩათვალა და შემდეგშიც იმავეს აგრძელებს, თუმცა გოგოლაშვილის თქმით, ეს იმას არ გამორიცხავს, რომ ქართულ–აფხაზური, ან ქართულ–ოსური კონფლიქტი არ არსებობს.

„ეს კონფლიქტი რეალურად არსებობს და ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. დანაშაული არ არის იმის თქმა, რომ ჩვენ გვინდა, აფხაზებსა და ოსებს პირდაპირ ველაპარაკოთ. მათი იგნორირებით ჩვენ ვერაფერს ვერ მივაღწევთ“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.