კახა გოგოლაშვილი - მამუკა ბახტაძე მოსახლეობაში ჯერ კარგად ცნობილი არ არის, მაგრამ უარყოფით ენერგიას არ ატარებს
კახა გოგოლაშვილი - მამუკა ბახტაძე მოსახლეობაში ჯერ კარგად ცნობილი არ არის, მაგრამ უარყოფით ენერგიას არ ატარებს

მამუკა ბახტაძე მოსახლეობაში ჯერ კარგად ცნობილი არ არის, მაგრამ უარყოფით ენერგიას არ ატარებს, – ამის შესახებ „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, კახა გოგოლაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მთავრობისადმი მოსახლეობის ნდობის აღდგენაა და ყველა სხვა შესაძლო კანდიდატებს რომ გადავხედოთ, მოსახლეობაში მათ მიმართ პრეტენზიები არის, მამუკა ბახტაძის მიმართ კი, გარკვეული დადებითი დამოკიდებულება არსებობს. მეორე, ის აშკარად ენერგიული ახალგაზრდაა. შესაძლოა, მისი კანდიდატურის დაყენება ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, მაგრამ მარტო ეს არ არის. გამოჩნდა, რომ ბახტაძემ მოახერხა, გუნდის წევრები დაერწმუნებინა, რომ მას კონსოლიდაციის და ახალი მუხტის შემოტანის უნარი აქვს. შესაძლოა, რეფორმებთან დაკავშირებითაც მას მეტი ხედვები აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა კანდიდატს ჰქონდა“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.

მისი თქმით, კანდიდატებს შორის არჩევანი მაინცდამაინც არ ყოფილა და რომელიმე სხვა კანდიდატზე შეჩერება ალბათ, ძნელი იყო.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა, მთავრობის არაეფექტიანი მუშაობა ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი იმის გათვალისწინებით, რომ მის დაბრუნებას ერთ თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვა, კახა გოგოლაშვილმა განაცხადა, რომ ალბათ, ბიძინა ივანიშვილი ფიქრობდა, პრემიერის შეცვლის საკითხი დაეყენებინა.

როგორც გოგოლაშვილმა აღნიშნა, როცა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ დემოკრატიასა და ეკონომიკას შორის არსებული დისბალანსის შემცირება სურდა, ამაზე დაამთავრა, მომავალმა პრემიერმა კი, ეს ფრაზა გააგრძელა და ძალიან სწორი გააკეთა.

„მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას გააგრძელებს. ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ კონტექსტი საკმაოდ მნიშვნელოვნად შეიცვალა, რადგან ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიის ხარისხთან, სასამართლოს მიუკერძოებლობასთან და პროკურატურასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ძალიან დიდი პრეტენზიები გაჩნდა. ასე რომ, მამუკა ბახტაძის მხრიდან ეს ფრაზა ძალიან სწორად იყო ნათქვამი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ როგორც ითვლება, დემოკრატიაში ასე თუ ისე უფრო წინ ვართ, ვიდრე ეკონომიკურ განვითარებაში, ამ მხრივ მაინც ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს და ეს ხაზგასასმელი იყო“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

დატოვე კომენტარი