კახა გოგიჩაიშვილი - ნაკრების ფეხბურთელები გულშემატკივრებთან ვალში არიან #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხთან ინტერვიუში ვეტერანმა ფეხბურთელმა, „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა კახა გოგიჩაიშვილმა საქართველოს ნაკრების განვლილ და მოახლოებულ შეხვედრებზე ილაპარაკა.
– ნაკრებში სანიოლის მუშაობა ორად უნდა გავყოთ – დასაწყისი დამაიმედებელი იყო და ნაკრებმა დაგვაიმედა, სექტემბერი კი ჩავაგდეთ. ცუდი იყო ისიც, რომ თამაშის ხარისხიც არ იყო მისაღები. რა იყო ჩავარდნის მიზეზი? ალბათ, ფეხბურთელებიც არ იყვნენ სათანადო ფორმაში – გვაკლდა წამყვანი ფეხბურთელები, ზოგს სათამაშო პრაქტიკა აკლდა, ზოგს – კონდიცია, ბევრი გამოუცდელიც გამოიძახებს. ალბათ, ამ ყველაფერმა გამოიღო ის შედეგი, რომ ნაკრები სათანადოდ არ გამოიყურებოდა.
– ამბობენ, იგებს გუნდი და აგებს მწვრთნელი. მაგრამ ამ შემთხვევაში არ შეიძლება მთელი ისრები მწვრთნელებზე გავიშვიროთ – პასუხისმგებლობა ფეხბურთელებზეც და თანაბრად უნდა განაწილდეს. ნაკრების წევრი რომ ხარ, ბოლომდე უნდა დაიხარჯო. უფრო მეტი უნდა გაითავისონ ფეხბურთელებმა – გულშემატკივრებთან ვალშიც არიან.
– ჩვენ გრანდებისგან ძალიან შორს ვდგავართ. იტალია, ესპანეთი და თუნდაც შვედეთი რომ ავიღოთ, მსოფლიოს და ვეროპის შესარჩევ ციკლებში ასეთ გუნდებთან თამაში გვიჭირს. ფაქტობრივად, საჩვენო ტურნირი ერთა ლიგაა. ჩვენ მიზნად ერთა ლიგაზე გამარჯვება და ფინალში გასვლა უნდა დავისახოთ, ამ გზით რომ მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე. თორემ გრანდებისგან შორს ვართ და ისინი ჩვენზე ძალიან წინ არიან.