კახა ძაგანია - რობერტა მეცოლას მივმართავთ, რამდენად შედის მათ მოვალეობაში „იმედის“ ჟურნალისტების გადაადგილების კონტროლი, რომელი დებულება აძლევს მარკეტა გრეგოროვას კარისკაცის მოვალეობის უფლებას?
კახა ძაგანია - რობერტა მეცოლას მივმართავთ, რამდენად შედის მათ მოვალეობაში „იმედის“ ჟურნალისტების გადაადგილების კონტროლი, რომელი დებულება აძლევს მარკეტა გრეგოროვას კარისკაცის მოვალეობის უფლებას?

„მემარცხენე ალიანსი“ ევროპარლამენტის პრეზიდენტს მიმართავს კითხვით, რამდენად შედის ევროპარლამენტის მოვალეობაში საქართველოს დამოუკიდებელი ტელევიზიის, „იმედის“ ჟურნალისტების გადაადგილების კონტროლი ევროპარლამენტის კორიდორებში და ადამიანის უფლებათა კონვენციის რომელი დებულება აძლევს მარკეტა გრეგოროვას კარისკაცის მოვალეობის შესრულების უფლებას? აუცილებლად მივწერთ ევროპის მეკობრეთა პარტიის ლიდერს, მიკულაშ პექსას მისი თანაპარტიელის მიერ პარტიის წესდების უხეში დარღვევის თაობაზე, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტიის, „მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ძაგანიამ განაცხადა.

ძაგანიას თქმით, ზოგიერთი ევროპარლამენტარის დამოკიდებულება ყოველგვარ მორალურ და კანონიერ ზღვარს გადავიდა.

„ყოველგვარ მორალურ და კანონიერ ზღვარს გადავიდა ზოგიერთი ევროპარლამენტარის დამოკიდებულება ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების მიმართ. ვფიქრობ, მათ ბერძნული ეპოსიდან ომის ქალღმერთებად ჰყავთ თავი წარმოდგენილი და შესაბამისადაც იქცევიან. მარკეტა გრეგოროვა ევროსაბჭოს წევრი, დამოუკიდებელი ქვეყნის, საქართველოს დამოუკიდებელ ტელევიზიას, „იმედს“ ევროპარლამენტის კორიდორში შეხვდა და განუცხადა, რომ მთავრობის ტელევიზიას კომენტარს არ მისცემდა და ტელეკომპანია „იმედის“ ადგილი ევროსაბჭოს ევროპარლამენტში არ იყო. ტრაგედია ის არის, რომ მარკეტა გრეგოროვა ევროპარლამენტარი გახდა ევროპის მეკობრეთა პარტიის სახელით. ამ პარტიის მთავარი იდეოლოგია, რომელიც წესდებაში უწერიათ და რომელი წესდებაც ლუქსემბურგში ინახება, არის ინფორმაციის თავისუფლება.

საინტერესოა, ნეტავ ასეთი ტონით ელაპარაკება ქალბატონი მარკეტა ტელევიზია FOXNEWS-ს, რომელიც ამერიკელი მმართველი პარტიის ტელევიზიად აღიქმება ან ტელევიზია BBC-ს, რომელიც პირდაპირ გაერთიანებული სამეფოს ბიუჯეტიდან ფინანსდება? ეს ტელევიზიები იქვე, კორიდორებში აგროვებენ სატელევიზიო მასალებს. გრეგოროვა თუ ასეთი პრინციპულია, მას შეუძლია, ამ ტელევიზიებსაც მიაკითხოს და იქ ყოფნა აუკრძალოს. ჩვენ აუცილებლად მივწერთ ევროპის მეკობრეთა პარტიის ლიდერს, ბატონ მიკულაშ პექსას მისი თანაპარტიელის მიერ პარტიის წესდების უხეში დარღვევის შესახებ.

„მემარცხენე ალიანსი“ ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას მიმართავს კითხვით, რამდენად შედის ევროპარლამენტის მოვალეობაში ევროპის საბჭოს წევრის, დამოუკიდებელი ქვეყნის, საქართველოს დამოუკიდებელი ტელევიზიის, „იმედის“ ჟურნალისტების გადაადგილების კონტროლი ევროპარლამენტის კორიდორებში და ადამიანის უფლებათა კონვენციის რომელი დებულება ან ევროპარლამენტის წესდების რომელი მუხლი აძლევს მარკეტა გრეგოროვას კარისკაცის მოვალეობის შესრულების უფლებას?“ – განაცხადა კახა ძაგანიამ.