კახა ცხადაძე - ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები გვყავს და მჯერა, რომ 12 ნოემბერს მოგება შეგვიძლია
კახა ცხადაძე - ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები გვყავს და მჯერა, რომ 12 ნოემბერს მოგება შეგვიძლია

„ჩვენს ნაკრებს გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს და დარწმუნებული ვარ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრამდე სწორ ანალიზს გააკეთებს“, – ეს კახა ცხადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმ აუტში“ განაცხადა.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რომელიც ამჟამად ყაზახურ „ორდაბასში“ მუშაობს, ერთა ლიგის განვლილი მატჩები და ბელარუსთან მოგებაც გაანალიზა.

ბელარუსთან ერთმატჩიანი რაუნდი იყო და ასეთ დროს სანახაობრივი თამაში არასოდეს არ არის. მთავარი დაცვაში საიმედო თამაში და მეტოქის შეცდომის გამოყენება იყო და ჩვენმა გუნდმა ეს მოახერხა. სომხეთთან გუნდი მთლიანად შეცვალა და გამოჩნდა, რომ გუნდს შეტევაში დიდი პოტენციალი გააჩნია. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ გუნდმა კარგად ითამაშა. მაკედონიასთან ორივე მატჩი მოსაგები იყო. სახლში მეტი აგრესია გვჭირდებოდა, სკოპიეში კი გაუგებარი პენალტი დაგვინიშნეს, როდესაც მაქსიმუმ თავისუფალი დარტყმის დანიშვნა შეიძლებოდა. ვაისს დიდი სანაკრებო გამოცდილება გააჩნია და სტრატეგიის სწორი გათვლა შეუძლია. ეგაა, მეორე ნახევარში თამაშის გაძლიერება უფრო შეიძლებოდა“, – აცხადებს კახა ცხადაძე.

53 წლის სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრებს 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგება შეუძლია.

„ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში დღეს ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები გვყავს, დიდი ხანია, ასეთი კარგი მოთამაშეები არ გვყოლია და არც ასეთი კონკურენცია ყოფილა. ვაისს როტაციის საშუალება გააჩნია. პრობლემები მხოლოდ ფლანგზეა, კაკაბაძე რომ დაგავკლდეს, ის ფაქტობრივად, შეუცვლელია. ახლა მთავარი იქნება შემადგენლობისა და სათამაშო სტრატეგიის სწორი შერჩევა და იმის მოფიქრება, ჩვენი თამაში როგორ გავაძლიეროთ. ვაისს არჩეული აქვს სათამაშო სქემები და მეეჭვება იგი შეცვალოს. მას თამაშის კარგი ანალიზი ეხერხება და მჯერა, რომ ჩვენ ამ შეხვედრის მოგება შეგვიძლია“.