კახა ცხადაძე - ბათუმის „დინამოსთან“ პირველი ტაიმი კატასტროფულად ვითამაშეთ #1TVSPORT
კახა ცხადაძემ ბათუმის „დინამოთან“ ეროვნული ლიგაში წაგებული (3:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა – „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, წაგების მიზეზი ორთაბრძოლებში მეტოქის დიდი უპირატესობა იყო.
„ბათუმის „დინამოს“ ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას. პირველი ნახევარი რაც ჩვენ ვითამაშეთ, აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა იმ გუნდს, რომელიც ჩვენ გვყავს და რომელსაც აქვს დიდი მიზნები. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და ჯერ კიდევ ზოგიერთი თამაშის წინ ემოციებსა და ეიფორიაში იყო. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა იყო ის, რომ პირველ ნახევარში ბათუმის „დინამომ“ ფაქტობრივად ყველა ორთაბრძოლა მოგვიგო. შუაში წავაგეთ ფაქტობრივად ყველა „მეორე ბურთი“. პირველი ნახევარი კატასტროფულად ცუდი იყო. ეს ნაწილი გადამწყვეტი გამოდგა და აქედან ვერ გამოვედით“, – ამბობს კახა ცხადაძე.
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა და ამავე დროს, იმედი გამოთქვა, რომ ჩემპიონატის დარჩენილ ნაწილში მისი გუნდი კონკურენტთან გაცილებით ღირსეულ ბრძოლას გამართავს.
„რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს ბოდიში მინდა მოვუხადო – ბევრი გვაქვს სამუშაო. მაგრამ დამერწმუნეთ, პერსპექტივაში ბევრიც შეგვიძლია. ახლაც იგივეს გავიმეორებ, რაც პირველ ტურში „ტორპედოსთან“ მოგების შემდეგ ვთქვი, რომ არაფრით არ შეიძლება ერთი თამაშით მსჯელობა. ეს ჯერ მხოლოდ მეორე ტური იყო და სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ყველაფერი წინ არის და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფეხბურთელები მომხდარს ჩვენთან ერთად კარგად გაიაზრებენ, გაანალიზებენ და წინსვლას გავაგრძელებთ“, – აცხადებს „დინამოს“ მწვრთნელი.