ჯოვინო ორი „დინამოს“ მატჩის გმირია - ბათუმელებმა თბილისელებს შანსი არ დაუტოვეს #1TVSPORT
ჯოვინო ორი „დინამოს“ მატჩის გმირია - ბათუმელებმა თბილისელებს შანსი არ დაუტოვეს #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-2 ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაუპირისპირდნენ – ბათუმის „დინამომ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა – მოულოდნელად, თანაბარი ბრძოლა არ გაიმართა და მასპინძლებმა დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს.

შეხვედრა სტუმრებისთვის ძალიან უიღბლოდ დაიწყო. თორნიკე გაფრინდაშვილის ჩაწოდებული ბურთი ჯოვინო ფლამარიონმა კარში გაუშვა, მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ ბათუმელთა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა დამატებაზე ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა.

ამ ეპიზოდში დაშავდა თბილისელთა მეკარე დავით კერესელიძე, რომელმაც მხარი დაიზიანა და ესპანელმა ანდრეს პრიეტომ შეცვალა. 24-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა მასაც გაუტანა – ჯაბა ჯიღაურმა ბურთი საჯარიმოში შეაყოლა, ჯოვინო მცველს იოლად გასცდა და დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმში თბილისელები ვითარების გამოსწორებას შეეცადნენ და 59-ე წუთზე სხვაობის შემცირების რეალური შანსიც ჰქონდათ, მაგრამ დმიტრი ანტილევსკიმ მეკარეს ვერ აჯობა, ხოლო დამატებაზე თორნიკე კირკიტაძეს გუგა ფალავანდიშვილი გადაეფარა და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

ბათუმელებმა თავისი შანსით 64-ე წუთზე ისარგებლეს. ჯოვინო ფლამარიონმა, რომელიც მატჩის გმირი გახდა, საჯარიმოსთან თბილისელთა მცველს ბურთი აართვა და უკეთეს პოზიციაში მყოფი ირაკლი ბიძინაშვილი მოძებნა, რომელმაც მეკარე და მცველი დააწვინა და სტუმრებს მესამედ გაუტანა.

საბოლოოდ, ბათუმის „დინამომ“ 3:0 მოიგო, ორი ტურის შემდეგ 6 ქულა დააგროვა, 7 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი გახდა, ხოლო „დინამო თბილისს“ 3 ქულა აქვს.