კახა ჩხეტიანი ქუთაისელებს დაემშვიდობა - თქვენგან ყოველთვის ვგრძნობდი სითბოსა და სიყვარულს
კახა ჩხეტიანი ქუთაისელებს დაემშვიდობა - თქვენგან ყოველთვის ვგრძნობდი სითბოსა და სიყვარულს

კახა ჩხეტიანი ქუთაისის „ტორპედოს“ დაემშვიდობა და წასვლაზე კომენტარი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან გააკეთა. 41 წლის სპეციალისტის სახელს გუნდის ბოლოდროინდელი წარმატებები უკავშირდება.

„ძალიან რთული იყო ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ალბათ ოდესღაც ყველაფერ კარგსაც აქვს თავისი დასასრული. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს სამწვრთნელო შტაბს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც „ტორპედოში“ მუშაობს. მადლობა ყველას, ვინც კარგ და ცუდ პერიოდში კლუბის გვერდით ღირსეულად იდგა. მადლობა ქუთაისს და იმ ერთგულ გულშემატკივარს, ვის გვერდში დგომის გარეშეც ვერაფერს შევძლებდით. თქვენგან ყოველთვის ვგრძნობდი სითბოსა და სიყვარულს. მადლობა ყველა იმ ფეხბურთელს, ვისაც ამ სამი წლის განმავლობაში „ტორპედოს“ მაისური ეცვა. კლუბის წარმატებაში თითოეულმა მათგანმა თავისი წვლილი შეიტანა, გაჭირვების დროს კლუბის ინტერესები გაითვალისწინა და გვერდით დაუდგა“ – აცხადებს კახა ჩხეტიანი.

მას თბილისის „დინამოში“ გადასვლაზე არაფერი უთქვამს. სამაგიეროდ, ახალ ინვესტორზე ილაპარაკა: „კლუბში ახალი ინვესტორის მოსვლის საკითხი ჯერ კიდევ პროცესშია და, ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდება. „ტორპედო“ აუცილებლად სჭირდება ქართულ ფეხბურთს. და ბოლოს, მადლობა უფალს აქ გატარებული იმ სამი წლისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გულში იქნება. ძალიან მიყვარხართ!”.