კახა ჩხეტიანი - ხელმძღვანელობისგან კონკრეტულ პასუხებს ველოდებით
კახა ჩხეტიანი - ხელმძღვანელობისგან კონკრეტულ პასუხებს ველოდებით
ქუთაისის „ტორპედო“ ევროპის ლიგას პირველივე ეტაპზე გამოეთიშა. ფაქტობრივად, ზედ გათამაშების წინა დღეებში ხელახლა აწყობილმა გუნდმა ყაზახურ „ორდაბასს“ წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 0:3 დამარცხდა.
 
თამაში ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ჟურნალისტებთან შეაფასა.
„რამდენიმე დღეში ძნელია, გუნდს დაემსგავსო. ბიჭების ნიჭიერების ხარჯზე ვაჩვენეთ ის ფეხბურთი, რაც გულშემატკივარმა იხილა. მეტოქეს კი გამარჯვებას ვულოცავ. რაც დავგეგმეთ, არ გამოგვივიდა, მაგრამ გუნდის პოტენციალი მაიმედებს“, – ამბობს ჩხეტიანი.
მან ყურადღება გაამახვილა არა მხოლოდ განვლილ ევროთამაშებზე, არამედ გუნდის მომავალზეც: „სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, გუნდს რა მომავალი ექნება. ყველაფერი ამ დღეებში გაირკვევა. ხელმძღვანელობასთან დავილაპარაკებ და მათგან კონკრეტული პასუხების მოსმენა გვსურს – ამაზე იქნება დამოკიდებული, „ტორპედო“ რა მიზნებისთვის იბრძოლებს“.