კახა ჩხეტიანი - 2025 წელს „კოლხეთი“ ფოთის განახლებულ სტადიონზე დაბრუნდება #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა დასრულებული სეზონი შეაფასა და ახალ ჩემპიონატზე ისაუბრა. მისი თქმით, გუნდი, რომელიც გასული სეზონში საშინაო მატჩებს სხვა ქალაქში მართავდა, ფოთში დაბრუნდება.
„მე-6 ადგილი ურიგო შედეგი არაა, მითუმეტეს, რომ ცნობილი მიზეზების გამო „კოლხეთი“ საშინაო მატჩებს ქობულეთში მართავდა.
ტრავმების გამო ძირითადი შემადგენლობის 4-5 ფეხბურთელი თამაშებს ტოვებდა. ეს კი გუნდისათვის აუნაზღაურებელი დანაკლისი გამოდგა და ეროვნული ლიგის დატოვების საფრთხეც შეიქმნა.
საბედნიეროდ, სეზონის ბოლოსთვის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებმა მოასწრეს გამოჯანმრთელება, სასურველ ფორმაში ჩადგომა და ბოლო 4 შეხვედრაში წამყვან გუნდებთან 10 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ცდას არ დავაკლებთ, რომ 2025 წელი ჩვენი გუნდისათვის გასულ სეზონზე უკეთესი გამოდგეს. მადლობა ქომაგებს განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის. იმედია, 2025 წელს ფოთის განახლებულ სტადიონზე დავბრუნდებით და ქომაგობა კიდევ უფრო მხურვალე იქნება“.