კახა ბექაურმა მედიასკოლისა და მედიალაბის მუშაობა შეაჯამა
კახა ბექაურმა მედიასკოლისა და მედიალაბის მუშაობა შეაჯამა

პარლამენტში ComCom-ის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიში წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მედიააკადემიის მიმართულებების, კერძოდ კი, მედიასკოლისა და მედიალაბის საქმიანობა შეაჯამა.

„ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაარსებული მედიააკადემია წარმატებით საქმიანობს და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. მედიააკადემია სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს, ესენია: მედიასკოლა, მედიაკრიტიკა და მედიალაბი“, – განაცხადა ბექაურმა პარლამეტში.

კახა ბექაურის თქმით, მედიასკოლა, დამწყები და მოქმედი მედიამენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სემინარებს და სასწავლო შეხვედრებს ინტენსიურად ატარებს, ხოლო 2021 წელს, პანდემიის პირობებში მედიის 50-მდე წარმომადგენელი გადაამზადა. ლექციები ჩატარდა ისეთ თემებზე, როგორებიც უსაფრთხოება, ტელემედიის სამაუწყებლო პოლიტიკა, ინფორმაციის აღქმისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგიაა.

მისივე თქმით, 2021 წელს მედიასკოლამ სემინარების მეორე ციკლი დაიწყო, რომელიც ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ადამიანებს მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის შექმნის შესახებ უფასო ონლაინ შეხვედრებით უზრუნველყოფდა, ხუთი ავტორის ონლაინ ლექციებს კი მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. კომისიის თავმჯდომარემ მედიალაბის საქმიანობაც მიმოიხილა, რომელიც უკვე მეორე წელია, სტარტაპერებს საერთო სამუშაო სივრცეს, რეზიდენტი სტარტაპერების ინკუბაციას, დაფინანსებას, სტარტაპების აქსელერაციასა და ინოვაციური პროექტების განხორციელებას სთავაზობს. ბექაურმა აღნიშნა ისიც, რომ მედიალაბის 2021 წელს ჩატარებული ონლაინ სემინარებით 500-ზე მეტი ახალგაზრდა გადამზადდა, საგანმანათლებლო პლატფორმა www.Medialab.ge-ზე 120-ზე მეტი სტატია გამოქვეყნდა და სოციალურ ქსელში მათ საქმიანობას 1,3 მილიონამდე ნახვა ჰქონდა. ამასთან, თავმჯდომარემ მედიალაბის კონკურზე, „იდეადრომზე“ ისაუბრა, რომელიც 2021 წელს ორჯერ ჩატარდა და სწავლება 18-მა სტარტაპ გუნდმა გაიარა. „კონკურსი „იდეადრომი“ არის შესაძლებლობა სტარტაპებისთვის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ინოვაციური, პროგრესული და თანამედროვე მედიაპროდუქტების შესაქმნელად“, – განაცხადა კახა ბექაურმა.