კახა ბექაური - ვცვლით დიდი ოპერატორების მიერ წლების განმავლობაში დამკვიდრებულ პრაქტიკას, რათა მობილური და ფიქსირებული მომსახურებების ბაზარი გაიხსნას
კახა ბექაური - ვცვლით დიდი ოპერატორების მიერ წლების განმავლობაში დამკვიდრებულ პრაქტიკას, რათა მობილური და ფიქსირებული მომსახურებების ბაზარი გაიხსნას

სატელეკომუნიკაციო სფეროში წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა იცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა განუცხადა.

ამავე ინტერვიუში კახა ბექაური ამბობს, რომ მოძველებული სატელეკომუნიკაციო მიდგომები, ახალი, თანამედროვე ტელეკომმოდელით უნდა შეიცვალოს.

„სატელეკომუნიკაციო ბაზრის პროგრესულმა მოთამაშეებმა უარი თქვეს ინფრასტრუქტურის მონოპოლიზაციაზე – თანამედროვე ტელეკომოპერატორები ანძებით და საკაბელო ინფრასტრუქტურით კი არ უწევენ ერთმანეთს კონკურენციას, არამედ მომხმარებლებისთვის ახალი, ინოვაციური პროდუქტებისა და მათზე მორგებული საკომუნიკაციო სერვისების შეთავაზებით“, – განაცხადა ბექაურმა.

მისივე განცხადებით, საქართველოში ტელეკომბაზარზე ჯერ კიდევ მოძველებული მიდგომებია, კომისიის მიზანი კი ამ ძველი პრაქტიკის ახალი თანამედროვე წესებით შეცვლაა.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ ბაზარი უნდა იყოს ღია და დიდმა კომპანიებმა კომერციული, ურთიერთხელსაყრელი ტარიფით ყველა მსურველი ოპერატორი გაატარონ საკუთარ ქსელზე. ჩვენთან ჯერ კიდევ, ძველი მიდგომებია – ზოგიერთი დიდი კომპანია საკუთარ პოზიციას იმით „ამყარებს“, რომ წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურაში ინვესტირებული მილიონობით ლარის ამოღება უნდა ვაცადოთ და სწორედ ამ მიზეზით არ უშვებენ სხვა კომპანიებს საკუთარ ქსელზე. ეს არ არის სწორი მოდელი, მათ აუცილებლად უნდა გაატარონ ახალი კომპანიები თავის ინფრასტრუქტურაზე, კომერციული ტარიფით, რაც მისცემთ შესაძლებლობას, რომ ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ჩადებული ინვესტიციები ამოიღონ. ეს არის სწორი მიდგომა. სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვების საფუძველზე ანძების მშენებლობა, არხის გათხრა და კაბელების გაყვანა ტელეკომსფეროში დიდი ხანია აღარ არის კონკურენციის ადგილი. ახალი, ინოვაციური პროდუქტების შექმნა, მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი საკომუნიკაციო სერვისების შეთავაზება და მათი მომსახურება – ეს არის  მიმართულებები, სადაც  კომპანიებმა ერთმანეთს კონკურენცია უნდა გაუწიონ,“- განაცხადა კახა ბექაურმა ინტერვიუში.

კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბაზრის გახსნა და კონკურენციის გაჯანსაღება, პირდაპირ აისახება მომხმარებლებზე, რადგან მაღალი კონკურენციის პირობებში, გაიზრდება საკომუნიკაციო სერვისების ხარისხი და მრავალფეროვნება, რაც პოზიტიურ გავლენას მოახდენს მომსახურების ფასებზეც.

როგორც კახა ბექაური აცხადებს, დიდი ტელეკომკომპანიებს საკუთარ ინფრასტრუქტურაზე ახალი კომპანიების დაშვების ვალდებულება აქვთ, რადგან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი „მაგთიკომს“ „სილქნეტს“ და „ბილაინს“ მსურველი კომპანიის თავის ქსელზე გატარების ვალდებულებას უწესებს, ვინაიდან ისინი შეზღუდულ სახელმწიფო რესურს იყენებენ, რომელიც მათ სახელმწიფომ მიანიჭა, ლიცენზიის მინიჭების გარდა სახელმწიფო კომპანიებს სპეციფიური ვალდებულებებიც აკისრიათ.

„მობილური კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ სამ ოპერატორს შორის, „მაგთიკომს“ და „სილქნეტს“ ბაზრის 80%-ზე მეტი უკავია, რაც შეეხება ფიქსირებულ ინტერნეტს, „მაგთიკომის“ და „სილქნეტის“ საბაზრო წილი თითქმის 80%-ია, დანარჩენი 20% კი 300-მდე პატარა კომპანიაზეა გადანაწილებული. ეს გარემოებაც ნათლად მიგვანიშნებს ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ სუსტ კონკურენციაზე“, – აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.