კახა ბექაური - უნდა შემოვიღოთ ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ მედია დაიცავს მაყურებლის ინტერესებს, მიაწოდოს ფაქტები და აღარ იყოს პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი
კახა ბექაური - უნდა შემოვიღოთ ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ მედია დაიცავს მაყურებლის ინტერესებს, მიაწოდოს ფაქტები და აღარ იყოს პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი

უნდა შემოვიღოთ ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ მედია დაიცავს მაყურებლის ინტერესებს, მიაწოდოს ფაქტები და აღარ იყოს პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა „მაესტროს“ ეთერში.

„ასეთი პოლარიზება, ასეთი სიძულვილის ენა, ასეთი დეზინფორმაცია ადრე არ მოდიოდა; შეიძლება, იყო გადაცდომები, მაგრამ დღევანდელი მედია რაც არის, პრაქტიკულად პოლარიზებულია და გარკვეული მედიასაშუალებები კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ, რაც შემდგომ იწვევს სხვა მედიასაშუალებების საწინააღმდეგო პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებას, ეს ამ ფორმით და ამ ხარისხით წლების წინ არ იყო. იმ ფაქტმა, რომ კანონმდებლობა ამ საკითხებს არ არეგულირებს ტელევიზიებს მისცა საშუალება, რომ ფაქტები დაემახინჯებინათ და ამაზე პასუხისმგებლობა არ აეღოთ, მოსაზრებას ურევენ ფაქტებში, განსხვავებულ აზრს ბლოკავენ, რითაც ზიანდება საზოგადოება. აქედან გამოსავალი ერთია, უნდა შემოვიღოთ ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს იმას, რომ მედია დაიცავს მაყურებლის ინტერესებს, მიაწვდის მათ ფაქტებს და არ იქნება პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი. ამ მინიმალურ სტანდარტს თუ დაიცავს მედია, ეს ტემპერატურა დაცხრება, ამას რომ დაინახავს საზოგადება და პოლიტიკური ჯგუფები ყველას მოუნდება ჯანსაღ გარემოში დებატი“, – აცხადებს კახა ბექაური.

კახა ბექაურის განცხადებით, საზოგადოების დაკვეთა თუ არ იქნება, რომ სიძულვილის ენის აკრძალვა არ დააზიანებს ჩვენს დემოკრატიას, არამედ პირიქით წაადგება მას, ცალკე აღებული ხელისუფლება, რომელიც მაშინვე აგრესიის დიდი ტალღის ქვეშ ხვდება ხოლმე, ვერაფერს იზამს.

„სიმძიმით რომ შევაფასოთ, შეურაცხყოფასთან შედარებით უფრო მძიმე გადაცდომად ითვლება სიძულვილის ენა. ჩვენ მთლიანად ევროპის მასშტაბით გაკეთებული გვაქვს კვლევა, სად რა სტანდარტი მოქმედებს შინაარსის, ანუ კონტენტის რეგულირებაზე. მეტიც, ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს, რომ სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა და ბავშვებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი გადაცემები აკრძალული იყოს. ჩვენ ეს საკანონმდებლო ცვლილება სიძულვილის ენაზე მოვამზადეთ და 2017 წლის ბოლოს შევიტანეთ პარლამენტში, თუმცა განხილვა დღემდე არ დაწყებულა. საზოგადოების დაკვეთა თუ არ იქნება, რომ ეს არ დააზიანებს ჩვენს დემოკრატიას, არამედ პირიქით წაადგება – ამაზე თუ საზოგადოებაში თანხმობა არ იქნება, ცალკე აღებული ხელისუფლება, რომელიც მაშინვე აგრესიის დიდი ტალღის ქვეშ მოხვდება, ვერაფერს იზამს. დღეს რომ სიძულვილის ენა არაა აკრძალული, ეს ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას. რატომ? განსხვავებულ მოსაზრებას რომ გამოთქვამს ვინმე, ადამიანები მას შეურაცხყოფას აყენებენ. ამ ადამიანს მეორედ თავისი აზრის გამოხატვის სურვილი აღარ გაუჩნდება. სიძულვილის ენა გამოიყენება გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად, კონკრეტული მოსაზრების დომინირებისთვის და საწინააღმდეგო მოსაზრების ჩასახშობად“, – აცხადებს კახა ბექაური.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ არსებულ კანონმდებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროპის არცერთ ქვეყანაში ისეთი მიდგომა და კანონი არ მოქმედებს როგორიც საქართველოში.

„პარადოქსია, მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ ამის ანალოგს, რომ მაგალითად თუ მაუწყებელმა სიძულვილის ენა გამოიყენა ან ფაქტი დაამახინჯა, ის ვინც დაზარალებულად მიიჩნევს თავს მას შეუძლია, ეს გაასაჩივროს მხოლოდ იმ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში, კანონმდებლობაში ეს წერია, ანუ თუ კონკრეტულმა მაუწყებელმა დაარღვია თქვენი უფლება, თქვენ შეგიძლიათ გასაჩივრება მხოლოდ მასთან და ის, რომ გამოიტანს გადაწყვეტილებას ამას უნდა შეეგუოთ თქვენ, მისი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება სასამართლოში არ გაქვთ. ამას რომ ვუყვებით ევროპელ ექსპერტებს, შოკში ვარდებიან და არ სჯერათ, რადგან წარმოუდგენლად მიაჩნიათ ასეთი რამე“, – ამბობს კახა ბექაური.