კახა ბექაური - სიტყვის თავისუფლება იმაშია, რომ ყველანაირი მედია არსებობდეს, პოლიტიკურიც, მიუკერძოებელიც და ტელევიზიები, რომელსაც მფლობელები სხვა ბიზნესინტერესებისთვის გამოიყენებენ
კახა ბექაური - სიტყვის თავისუფლება იმაშია, რომ ყველანაირი მედია არსებობდეს, პოლიტიკურიც, მიუკერძოებელიც და ტელევიზიები, რომელსაც მფლობელები სხვა ბიზნესინტერესებისთვის გამოიყენებენ

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში არ არსებობს მექანიზმი, რომლის საშუალებითაც შეიძლება მედიაზე ზეწოლა მოხდეს. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, უწყება რომელსაც ის ხელმძღვანელობს, ქვეყანაში სწორედ მედია პოლიტიკას განსაზღვრას და დღევანდელი სახელმწიფო სრულიად ლიბერალურია. მისი თქმით, 2012 წლის მერე კანონმდებლობა შეიცვალა და ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს 10 დღეში შეუძლია მაუწყებლობის დაწყება. ეს მაშინ, როდესაც 2012 წლამდე სულ სამი კერძო არხი არსებობდა და ლიცენზიის აღება შეუძლებელი იყო.

„ფაქტობრივად, დღეს არ არსებობს მექანიზმები, რომ მედიაზე რაიმე ზეწოლა მოხდეს. ზუსტად მედიის პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება იმაშია, რომ ყველანაირი მედია არსებობდეს, არსებობს პოლიტიკური მედია, რომელსაც მთლიანად პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, არსებობს მედიები, რომლებიც მიუკერძოებლები არიან და შედარებით ობიექტურ პოლიტიკას ახორციელებენ, არსებობს ისეთი ტელევიზიებიც, რომლებიც შეიძლება ბიზნესმენებმა გახსნან იმისთვის, რომ სხვა ამოცანები და მიზნები ჰქონდეთ და ამისთვის უნდოდეთ ტელევიზიის გამოყენება. ყველანაირი მედია არსებობს დღეს და ეს არის სწორედ მედია პლურალიზმი, ეს არის სიტყვის თავისუფლება“, – განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კახა ბექაური ამბობს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია მისი ხელმძღვანელობით ქვეყანაში სახელმწიფო მედია პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებაა და სახელმწიფო პოლიტიკა არის ძალიან ლიბერალური, რასაც ბოლო ხუთ წელიწადში 54-დან 98-ამდე გაზრდილი მაუწყებლების რაოდენობაც მოწმობს.

„2012 წლიდან მოყოლებული, შეიცვალა კანონმდებლობა და საერთოდ, დერეგულირებული გახდა ეს სფერო, ლიცენზიების აღება ბარიერების გარეშეა შესაძლებელი მაშინ, როცა ყველას გახსოვთ, რომ საერთოდ შეუძლებელი იყო ლიცენზიის აღება და ეს ხდებოდა 15 წლის განმავლობაში. სულ სამი ეროვნული ღია საეთერო კერძო ტელეკომპანია გვქონდა 2012 წლამდე, ეს იყო „რუსთავი 2“, „იმედი“ და „პირველი სტერეო“, დღეს ეს ციფრი იცით რამდენია 21, დღეს გვაქვს 21 ეროვნული საერთო ღია მაუწყებელი, მთლიანი მაუწყებლების რაოდენობა არის 98 და აქაც 2012 წლის მერე 44 არხით არის გაზრდილი მაუწყებლების რაოდენობა. შესაბამისად, ყველაფრიდან ჩანს, რომ ძალიან ლიბერალურია პოლიტიკა ამ კუთხით.

დღეს კანონმდებლობით შესაძლებელია, რაც მანამდე დაუჯერებელი და წარმოუდგენელი იყო, რომ ნებისმიერმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა კომისიაში განაცხადი შემოიტანოს და 10 დღეში ავტომატურად აიღოს მაუწყებლობის უფლება, პროცედურა თითქმის იგივეა, რაც ვებგვერდზე შეხვიდე იმეილი და პაროლი შეიყვანო და დარეგისტრირდე. ამდენად გამარტივებულია მაუწყებლობის დაწყება ახალი კანონმდებლობით და ახალი მედია პოლიტიკით“, – განაცხადა კახა ბექაურმა.