კახა ბექაური - შევთანხმდით, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე არგუმენტები კიდევ ერთხელ შევაჯეროთ, დავაზუსტოთ და ეს ქაღალდზე გადავიტანოთ
„ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში განიხილეს. ბიზნესის წარმომადგენლებმა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან გამართეს. შეხვედრაზე იმყოფებოდა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური. მისი თქმით, ოთხსაათიან შეხვედრაზე დეტალურად იყო აზრები გაცვლილი.
როგორც ბექაურმა აღნიშნა, მოისმინეს ბიზნესის წარმომადგენლების პოზიციები და მაქსიმალურად დეტალურად ყველას მიეცა საშუალება, რომ თავისი აზრი, შენიშვნები გამოეთქვა.
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ოთხსაათიანმა შეხვედრამ საინტერესოდ და ჩემი აზრით, პროდუქტიულად ჩაიარა. ამ ხნის განმავლობაში დეტალურად იყო აზრები გაცვლილი, მოსმენილ იქნა ბიზნესის პოზიციები. მაქსიმალურად დეტალურად ყველას მიეცა საშუალება, რომ თავისი აზრი, შენიშვნები გამოეთქვა. ასევე ჩვენი მხრიდანაც გამოთქმული იყო ჩვენი ხედვები, მოსაზრებები, მიზეზები და მიზნები, რატომ არის ეს კანონპროექტი ამ ფორმით, ასევე დაჩქარებული წესით შემოტანილი. თქვენ იცით, რომ მას შემდეგ, რაც შემოვიდა პარლამენტში, დარგობრივ კომიტეტთან ერთად გარკვეული ცვლილებებიც განიცადა. ანუ ჩვენ უკვე გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ თავდაპირველ ვერსიაში და ამ ბოლო ვერსიაზე სრულყოფილი მსჯელობა გაიმართა ოთხი საათის განმავლობაში. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მოსმენილი არგუმენტები კიდევ ერთხელ შევაჯეროთ, დავაზუსტოთ უკვე და გადავიტანოთ ეს ქაღალდზე. ასე ვთქვათ, შევიტანოთ გასათვალისწინებელი საკითხები, თუ რაიმე იქნა გასათვალისწინებელი. შესაბამისად, უკვე ახალ რედაქციას, თუ ასეთი იქნა და თუ მოხდა რაიმეს გათვალისწინება დღევანდელი შეხვედრის არგუმენტების შეჯერების შემდეგ, უკვე ხვალ მივაწოდებთ ბიზნესს ამ ახალ შეჯერებულ ვერსიას. რა თქმა უნდა, ისინი საკუთარ მოსაზრებას ასევე იტყვიან და უკვე დაინიშნება კომიტეტის პირველი მოსმენა. როდესაც უკვე შეჯერდება ბიზნესთან პოზიციები, შესაბამისად გაგრძელდება საკომიტეტო მოსმენა“,- განაცხადა ბექაურმა.
მისივე თქმით, შენიშვნები ძირითადად დროებითი მმართველის მექანიზმთან დაკავშირებით იყო.
„შენიშვნები იყო ძირითადად დაკავშირებული მთავარ მექანიზმთან, რომელიც შემოდის ამ ახალი კანონპროექტით. იცით, რომ არის დროებითი მმართველის მექანიზმი, ამიტომ ყველა ტიპის შენიშვნა უკავშირდებოდა ამ დროებითი მმართველის მექანიზმს, თუ რა პირობებში, როდის, რა შემთხვევაში, რა ვადებში, ჩაირთვება, სასამართლოს როლი რა იქნება ამასთან დაკავშირებით. ანუ დროებითი მმართველის მექანიზმთან დაკავშირებით, რასაც ეს ახალი ცვლილება ითვალისწინებს, ყველა მხრივ იქნა გამოთქმული მოსაზრება. ყველა რისკი იქნა გამოთქმული. ყველა მხრივ ვილაპარაკეთ დროებითი მმართველის მექანიზმის ჩართვის პირობებზე და რისკებზე, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო ამასთან დაკავშირებული. ხვალ კიდევ დავუთმობთ დროს კომისია დარგობრივ კომიტეტთან ერთად ამ დღევანდელი შენიშვნების გაანალიზებას. გადაწყვეტილებას მივიღებთ, აქედან რა შეიძლება იყოს და რა არა გათვალისწინებული. ამაზე რომ შევჯერდებით, გავუზიარებთ ბიზნესსაც. მგონია, რომ შეთანხმებას მივაღწევთ“,-განაცადა კახა ბექაურმა.
სატელეკომუნიკაციო კომპანიები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ინიციატივას ეწინააღმდეგებიან. მთავარი სადავო საკითხი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ის ცვლილებაა, რომლის მიხედვით, მარეგულირებელს უფლება ეძლევა, დროებითი მმართველი დანიშნოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ და კანონდამრღვევ კომპანიაში, თუ კომისია კომპანიის წინააღმდეგ საკუთარი გადაწყვეტილების აღსრულებას ვერ ახერხებს, ლიცენზიის ჩამორთმევა კი ქვეყნის ან მომხმარებლების ინტერესებს აზიანებს.