კახა ბექაური - საქართველო უნდა გახდეს ციფრული ინოვაციური პროდუქტების მიმწოდებელი რეგიონისა და მსოფლიოსთვის
კახა ბექაური - საქართველო უნდა გახდეს ციფრული ინოვაციური პროდუქტების მიმწოდებელი რეგიონისა და მსოფლიოსთვის

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში აცხადებს, რომ თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში, ციფრულ პროდუქტებს სულ უფრო და უფრო დიდი წილი უკავია, საქართველო კი, ამ მიმართულებით თავისი ზომის ქვეყნებს ჩამორჩება, რადგან ქართული ბაზარი სათანადოდ გახსნილი არ არის.

ბექაურის თქმით, ციფრული პოტენციალის სრულად ასათვისებლად, კომუნიკაციების კომისია ყველა საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ციფრული ეკონომიკა სულ უფრო დიდ წილს იკავებს თანამედროვე მსოფლიოში. მოდით, შევადაროთ საქართველოს მთლიან ეკონომიკაში სატელეკომუნიკაციო სექტორის წილი ისეთ ქვეყნებს, რომელთა შედარებაც ზომიდან გამომდინარე რელევანტურია. მაგალითისთვის, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა მაკედონია, სერბეთი, უნგრეთი – ტელეკომის შემოსავლების წილი მთლიან შიდა პროდუქტში 3%-ზე მეტია, რაც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის წილზე 2-ჯერ მაღალია. ამ ქვეყნებმა შეძლეს ციფრული პოტენციალის უკეთესად გამოყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენც მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი – საქართველო უნდა გახდეს ციფრული ინოვაციური პროდუქტების მიმწოდებელი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის. ასეთი ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად ინვესტორ კომპანიებს სჭირდებათ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და გახსნილი ბაზარი, ამიტომაც უნდა შეიცვალოს თამაშის წესები და ქვეყანამ ეს შესაძლებლობები სრულად აითვისოს“,- ამბობს კახა ბექაური.

მისივე თქმით, მსოფლიოში ტელეკომოპერატორები დიდი ხანია, ცდილობენ ფეხი აუწყონ ციფრულ ტრანსფორმაციას და ტელეკომის მოძველებული კონცეფცია ახლით შეცვალონ.

„ადრე ტელეკომოპერატორებისთვის მთავარი აქტივი ინფრასტრუქტურა იყო, ახლა თანამედროვე ტელეკომის განვითარების ძირითადი მიმართულება მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისების შექმნაა. ტელეკომოპერატორები ცდილობენ, მათი ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მისაწვდომი გახადონ ახალი ციფრული პროდუქტების დასანერგად. ასეთი მოდელი, როგორც თავად ოპერატორებისთვის, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც, ეფექტური შესაძლებლობაა. გვინდა, რომ ქართული სატელეკომუნიკაციო სფეროც ახალი ტელეკომმოდელით მუშაობდეს. მსოფლიოს პროგრესულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა აღიარეს, რომ ძველი მოდელი და ფილოსოფია დღეს ეფექტურად აღარ მუშაობს. აღიარეს, რომ ინფრასტრუქტურის გაზიარება და თავისუფალი გატარება, სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარების მთავარი საფუძველია. თუ ჩვენ  ტელეკომის განვითარებას შევაფერხებთ, ეს საქართველოს ეკონომიკას დააზიანებს და უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. თანამედროვე სამყაროში კი პროგრესი გარდაუვალია“, – განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

კახა ბექაური ამბობს, რომ ტელეკომოპერატორების დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებული ბრალდებები, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან კომისიის ყველა გადაწყვეტილება კანონსა და ევროპის საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობა.

„როგორც უკვე გითხარით, კომუნიკაციების კომისია ცდილობს ხელი შეუწყოს ისეთ გარემოს, რომ ბაზარზე გაჩნდნენ ახალი მოთამაშეები და წახალისდეს კონკურენცია. სწორედ ეს არ მოსწონს მაგალითად, „მაგთიკომს“. ის ცდილობს, თავისი დომინანტური მდგომარეობა გამოიყენოს და საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა არ მისცეს ბაზარზე შემოსვლის მსურველებს. სწორედ ამით არის გამოწვეული მათი არა უბრალოდ კრიტიკა, არამედ დაუსაბუთებელი ბრალდებები, რომელიც ბოლო დროს პერსონალურ ცილისწამებასაც კი შეიცავს. ვერანაირი უსაფუძვლო ბრალდება და ცილისწამება ვერ მოახდენს გავლენას კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებზე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთი ფორმით კომუნიკაცია, მხოლოდ და მხოლოდ ტელეკომბაზრის განვითარებას აფერხებს. ამ ბაზრის გახსნა და კონკურენციის გაძლიერება კი უალტერნატივო და გარდაუვალი პროცესია. კომუნიკაციების კომისია უსაფუძვლო ბრალდებებს ვერ აყვება, პირიქით, ჩვენ მოვუწოდებთ „მაგთიკომს“ დაუსაბუთებელი განცხადებებიდან კონსტრუქციულ, საქმიანი თანამშრომლობის რეჟიმზე გადმოვიდეს“, – აცხადებს კახა ბექაური.