კახა ბექაური - სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ქმედითი მექანიზმი იმ შემთხვევისთვის, თუ მსხვილი კომპანია სახელმწიფო ვალდებულებებს არ ასრულებს
კახა ბექაური - სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ქმედითი მექანიზმი იმ შემთხვევისთვის, თუ მსხვილი კომპანია სახელმწიფო ვალდებულებებს არ ასრულებს

სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ქმედითი მექანიზმი იმ შემთხვევისთვის, თუ მსხვილი კომპანია სახელმწიფო ვალდებულებებს არ ასრულებს, ეს ქმედითი მექანიზმი და აღსრულების მექანიზმია დროებითი მმართველი, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც ელექტონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ.

როგორც კახა ბექაურმა აღნიშნა, ინტერპრეტაციები, რომელიც დროებითი მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებით ისმის სასამართლოს ნაწილზე, სიმართლეს არ შეესაბამება.

„სასამართლოს ნაწილზე არასწორი ინტერპრეტაციაა, თითქოს კომისიას სასამართლოს გარეშე შეუძლია დროებითი მმართველის დანიშვნა. დროებითი მმართველის დანიშვნა ითვალისწინებს სასამართლოს სრულყოფილ კონტროლს. თუმცა ორი განსხვავებული მექანიზმია. თავისუფალ დაშვებაზე და სატარიფო რეგულირების შეუსრულებლობაზე კომისია მიმართავს სასამართლოს და სასამართლო ნიშნავს დროებით მმართველს. კონცენტრაციის საკითხზე კი, როდესაც წილის და აქტივების გასხვისება ან შერწყმა ხდება, კომისია ნიშნავს, მაგრამ კომისიის მიერ დანიშნული დროებითი მმართველის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება სასმართლოში. სასამართლო ვალდებულია, სამი დღის განმავლობაში შეაჩეროს კომისიის გადაწყვეტილება დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ ან ძალაში დატოვოს. სამივე ეს შემთხვევა გადის სასამართლოს სრულ კონტროლს. უბრალოდ განსხვავებული მექანიზმები არის, რადგან ეს სამი საკითხი შინაარსობრივად სხვაა.

რომელიმე მსხვილმა კომპანიამ, „მაგთიკომი“ იქნება, „სილქნეტი“, თუ სხვა, მათმა მფლობელებმა უნებართვოდ, სახელმწიფოსგან ნებართვის გარეშე წილი თუ გაყიდეს და არ დაემორჩილნენ ოთხ სანქცირებას, ამის შემდეგ შესაძლოა, დაინიშნოს დროებითი მმართველი, რომელსაც დანიშნავს კომისია, დროებითი მმართველის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია სასმართლოში გასაჩივრდეს და სასამართლოს უფლება აქვს ეს გადაწყვეტილება შეაჩეროს. საქართველოს კანონმდებლობა უნდა აღსრულდეს. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ როცა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიასთან გვაქვს საქმე, აქ სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობა შემოდის. ამ კომპანიებს მილიონობით აბონენტი ჰყავთ. მთელი საქართველოს ეკონომიკა მაღალტექნოლიგიური დარგია, ეფუძნება ამ ტექნოლოგიურ განვითარებას და ტექნოლოგიურ სფეროს. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ სადაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ჩნდება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებთან დაკავშირებით იქ ჩნდება უფლებამოსილება.სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ქმედითი მექანიზმი იმ შემთხვევისთვის, თუ მსხვილი კომპანია სახელმწიფო ვალდებულებებს არ ასრულებს. ეს ქმედითი მექანიზმი და აღსრულების მექანიზმია დროებითი მმართველი. ეს კარგია, რომ ბოლოს გაითავისა ბიზნესმაც. შედგა კონსენსუსი, მათშორის ამ პუნქტსაც ისინი დათანხმდნენ“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

მისივე თქმით, დროებითი მმართველის უფლებამოსილებით შედის, რომ კომისიის გადაწყვეტილება შეასრულოს, ყველა სხვა მისი მოქმედება უკანონო იქნება და ეს ჩაწერილია კანონპროექტში. დროებით მმართველს წილების გასხვისების უფლება არ ენება. გარდა ამისა, დროებითი მმართველი კომპანიაში დარჩება იმ ვადით, ვიდრე არ შესრულდება გადაწყვეტილება.

რაც შეეხება მედიას, როგორც ბექაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საკნონმდებლო ცვლილება მედიას არ ეხება.

 

დატოვე კომენტარი