კახა ბექაური საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, დაინტერესდნენ, რაში იყენებენ მათ ფინანსურ მხარდაჭერას ადგილობრივი არასამთავრობოები
კახა ბექაური საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, დაინტერესდნენ, რაში იყენებენ მათ ფინანსურ მხარდაჭერას ადგილობრივი არასამთავრობოები

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვნით მიმართავს, დაინტერესდნენ, საქართველოში მათი დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები რაში იყენებენ მათ კეთილ მიზნებსა და დახმარებას.

კომისიის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამართლიანი არჩევნებისგან“ კატეგორიულად მოითხოვა გუშინ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშიდან კომისიის მისამართით დაწერილი ტყუილისა და არაკვალიფიციური ინფორმაციის ამოღება.

„ეს იმდენად მძიმე შეცდომებია, კომისია ითხოვს ამ შეცდომების გასწორებას „არასამართლიანი არჩევნებისგან“, უკაცრავად ორგანიზაცია „სამართლიანი არჩვენებისგან“, თუმცა ეს წამოცდენაც შეიძლება გაამართლონ მათ, თუ ასე გააგრძელეს მოქმედება. მინდა, მათ დამფინანსებლებსაც მივმართო. ვიცი, დამფინანსებლებსა და ზოგადად ამ პროცესს კეთილი მიზნები აქვს, ძალიან საჭირო პროცესია, ყველას ინტერესია, რომ სამართლიანად ჩატარდეს არჩევნები, მაგრამ თუ ამას არაკვალიფიციურად გავაკეთებთ, ცუდ შედეგს მოგცემს. ამიტომ, მივმართავ თხოვნით იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებენ, კარგად მოიკითხონ, რას აფინანსებენ, რადგან ღირებულება არ ექნება ამ ყველაფერს, თუ ასეთ სისულელეებს ჩაწერენ არასამთავრობოები ანგარიშებში, ფასი დაეკარგება შუალედურ და საბოლოო ანგარიშსაც“, – განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.