კახა ბექაური - პროექტი Log in Georgia საქართველოს ათასი სოფლისთვის ფართოზოლოვან და მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობას ემსახურება
კახა ბექაური - პროექტი Log in Georgia საქართველოს ათასი სოფლისთვის ფართოზოლოვან და მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობას ემსახურება

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პარლამენტისთვის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას სახელმწიფო ინტერნეტიზაციის მხარდამჭერ პროექტ Log in Georgia-ზე ისაუბრა, რომელსაც კომპანია „ოუფენ ნეტი“, კომუნიკაციების კომისიასთან ერთად, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი საქართველოს 1 000 სოფლის 500 ათასი მცხოვრებლისთვის ფართოზოლოვან და მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობის შექმნას ემსახურება.

ბექაურის განცხადებით, 2021 წელს, პროექტის მეორე კომპონენტის, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიამ ოზურგეთის რაიონში ციფრულ საჭიროებებზე კვლევა ჩაატარა და შედეგებზე დაყრდნობით შექმნილი სასწავლო პროგრამის მიხედვით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გადამზადება დაიწყო. თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სასწავლო პროგრამის მეშვეობით 500 ათასი ადამიანი ციფრული უნარ-ჩვევების განვითარებასა და სახელმწიფოს სხვადასხვა ელექტრონული სერვისით სარგებლობას შეძლებს.

კახა ბექაურმა აღნიშნა ისიც, რომ ინტერნეტიზაციის ფარგლებში „ოუფენ ნეტმა“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 140 კმ-იანი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა ააშენა, რომელიც თითოეული ოჯახისთვის შექმნის შესაძლებლობას, წამში – 100 მეგაბაიტის სიჩქარის, ხოლო საჯარო და კერძო ორგანიზაციებმა წამში ერთი გეგაბაიტი სიჩქარის ინტერნეტით ისარგებლონ.

ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.