კახა ბექაური – პოლიტიკური ინტერესი ვისაც არ აქვს, ყველამ იცის, რომ კანონი ევროპულია და მედია ფუნდამენტურ სტანდარტებს უნდა იცავდეს

22:04, 19.06.2025

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დღეს გამართულ სხდომაზე მედიის წარმომადგენლებს და საზოგადოებას შეახსენა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები სრულად ევროპულია და ის ევროპის ყველა ქვეყანაში, დიდი ხანია, მოქმედებს. კერძოდ, ევროპული ქვეყნები მაუწყებლებს, წლებია, ავალებენ ისეთი ჟურნალისტური ფუნდამენტური სტანდარტების დაცვას, რასაც პასუხისმგებლიანი მედია ისედაც უნდა აკეთებდეს.

„აღნიშნული კანონით მაუწყებლებს მოეთხოვებათ, რომ ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ჯეროვანი სიზუსტით გადასცენ მაყურებელს. ასევე, დაიცვან სამართლიანობის და მიუკერძოებლობის სტანდარტი, მკაფიოდ გამიჯნონ ერთმანეთისგან ფაქტი და მოსაზრება, ახალ ამბებში და საზოგადოებრივ პოლიტიკურ გადაცემებში არ გამოხატონ პოზიცია. ასეთი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ევროპაში ეს, დიდი ხანია, აღარ არის სადავო, იქ მაუწყებლებში მსგავსი პრობლემები აღარ აქვთ და ახლა უკვე სოციალურ მედიაში ხდება მსგავსი დარღვევების პრევენცია. იმის საპირისპირო მოსაზრება და ფაქტი, რომ ეს ევროპული კანონია, მე ჯერ არ მომისმენია, მესმის მხოლოდ სკეპტიციზმი. ისიც კარგად მესმის, რომ გაქვთ კითხვები კანონის აღსრულების ნაწილში, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ მიმართულებით მედიას ღელვის საფუძველი არ აქვს, ვინაიდან კომისიას აქვს ერთადერთი მიზანი – გააჯანსაღოს მედიაგარემო. უამრავი კომენტარი მოვისმინე, რომ ეს მედიის სადამსჯელო კანონია, გარწმუნებთ, რომ ასე არ არის და კომისია ყველაფერს გააკეთებს, რათა, მჭიდრო თანამშრომლობით მაუწყებლებთან, ვისაც გულწრფელად აღელვებთ ეს საკითხი, აღმოფხვრას მედიაში ისეთი პრობლემები, რომლებიც მაყურებელს და მედიას აზიანებთ“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

მისივე განცხადებით, გარკვეულ ნაწილს ადამიანებისას, ვინც კომისიას უამრავ ბრალდებას უყენებს, ეს, შესაძლოა, პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებოდეს, თუმცა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კომისია ასეთ დღის წესრიგს არ მისდევს და თავისი დღის წესრიგით გააგრძელებს მუშაობას.

„ვისაც პოლიტიკურად სჭირდება, რომ ილაპარაკოს ცენზურაზე, ეს მისი საქმეა, მე ამ დღის წესრიგს არასოდეს მივსდევ, არც არასდროს მიმიქცევია ყურადღება. იმ ადამიანებმა, ჟურნალისტებმა და პროდიუსერებმა, ვისაც მედიის ბედი აღელვებთ და დაინტერესებული არიან ამით, ყველამ კარგად იცის, რომ ეს ევროპული კანონია და მედია ამ ელემენტარულ ფუნდამენტურ სტანდარტებს აუცილებლად უნდა იცავდეს. საბედნიეროდ, იმ ნაწილის გარდა, ვისაც პოლიტიკური ინტერესები აქვთს, ჩვენს მედიაში არიან მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებმაც ზუსტად იციან, ჟურნალისტური სტანდარტი რა არის; იციან, როგორ იმიჯნება ფაქტი მოსაზრებისგან, როგორ უნდა გააკეთონ ეს, რა არის ფაქტი და რა ჩაითვლება ფაქტის დამახინჯებად. ამიტომ, ჩვენ ისეთ ადამიანებთან, რომლებმაც ეს იციან და გულწრფელი სურვილიც აქვთ, ეს სტანდარტი დაიცვან, რომ შეცდომაში არ შევიდეს ჩვენი მაყურებელი, მაქსიმალურად მჭიდროდ ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა კომისიის სხდომაზე კახა ბექაურმა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მსგავსი