კახა ბექაური - პოლიტიკოსებისგან პოლიტიკური დღის წესრიგი გასაკვირი არ არის, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ეს კატეგორიულად მიუღებელია
კახა ბექაური - პოლიტიკოსებისგან პოლიტიკური დღის წესრიგი გასაკვირი არ არის, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ეს კატეგორიულად მიუღებელია

არაეთიკური გამონათქვამების შემცველი პოლიტიკური რეკლამა დაუშვებელია, შესაბამისად, “მაუწყებლის შესახებ” კანონის მუხლებზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ სამი პოლიტიკური კლიპი არ შეესაბამება კანონმდებლობას, – ასე პასუხობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას, რომ კომისიის წერილი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

საქმე ეხება 2018 წლის 25 სექტემბრის წერილს, რომელიც არის პასუხი მაუწყებლების შეკითხვაზე მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილ სარეკლამო ვიდეორგოლებთან დაკავშირებით.

როგორც კახა ბექაურმა აღნიშნა, პოლიტიკოსებისგან პოლიტიკური დღის წესრიგი გასაკვირი არ არის, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ეს კატეგორიულად მიუღებელია.

მისი თქმით, გასაკვირი არ არის, რომ პოლიტიკოსები არ იზიარებენ არც ერთ იურიდიულ განმარტებას, რომელსაც კომუნიკაციების კომისიის წერილი და განცხადება ეფუძნებოდა. თუმცა მისი თქმით, გასაკვირია, რომ კანონს სხვაგვარად განმარტავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

„ამას სიტყვის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან არაეთიკური ან სხვა სახის გამონათქვამები მათი თვითრეგულირების ორგანოს თემაა. მათ ან მათ რესპონდენტებს უფლება აქვთ, ასეთი განცხადებები აკეთონ ნებისმიერ გადაცემაში, ამ საკითხს კომისია არ იხილავს, ეს განსხვავდება სამაუწყებლო პოლიტიკური რეკლამისგან, სადაც არასათანადო, არაეთიკური, უხამსი გამონათქვამების შემცველი პოლიტიკური რეკლამა დაუშვებელია. შესაბამისად, “მაუწყებლის შესახებ” კანონის მუხლებზე დაყრდნობით, ვამბობთ, რომ ეს სამი კლიპი შესაბამისი არ არის. ამას სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

ამ მუხლებზე დაყრდნობით, კომისიამ მაუწყებლებს საპასუხო წერილი მისწერა. მათგან კითხვა იყო და კომისიამ კითხვებზე პასუხი წერილობით, შესაბამისი განმარტებებით, გასცა. მათი ნებაა, ამ წერილზე დაყრდნობით, განათავსებენ თუ არა კლიპებს, მაგრამ თუ სამართალდარღვევა იქნება, შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს დაიწყებენ სამართლებრივი აქტის გამოსაცემად. კომისიის სხდომა გაიმართება სამშაბათს, სადაც სამართლებრივ აქტს გამოსცემენ“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიას საია-ს საპასუხოდ განცხადება დღეს დილით გაავრცელა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „ტვ პირველმა“, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ტელეკომპანია „იმედმა“ წერილობით მიმართეს, სადაც ტელეკომპანიები კომისიისგან საარჩევნო სუბიექტების მიერ მაუწყებლებში წარდგენილი უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით ითხოვდნენ ​​განმარტებას, შეესაბამებოდა თუ არა აღნიშნული ვიდეორგოლები მოქმედ კანონმდებლობას.

კომისიის მიერ 25 სექტემბერს მაუწყებლებისთვის დაგზავნილი წერილი არის პასუხი მაუწყებლების შეკითხვაზე, რომელიც ტელეკომპანიებს შეახსენებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებს სამაუწყებლო პოლიტიკურ რეკლამებთან მიმართებით.

კომისიამ ტელეკომპანიებისგან რამდენიმე პოლიტიკური რეკლამის ეთერიდან ამოღება არაეთიკურობის გამო მოითხოვა. შესაბამისი წერილით კომისიამ ტელეკომპანიებს მიმართა.