კახა ბექაური - ვირტუალური ოპერატორები ზრდის კონკურენციას, ხარისხს, ტელეკომ სექტორის წილს ეკონომიკაში და არავითარ საფრთხეს არ უქმნის ქსელის ოპერატორებს
კახა ბექაური - ვირტუალური ოპერატორები ზრდის კონკურენციას, ხარისხს, ტელეკომ სექტორის წილს ეკონომიკაში და არავითარ საფრთხეს არ უქმნის ქსელის ოპერატორებს

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებით, კომუნიკაციების კომისიამ ჩაატარა მობილური მომსახურების ბაზრის კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მობილური მომსახურების ბაზარზე კონკურენცია შეზღუდულია და არსებობს შესვლის მაღალი ბარიერები.

მისივე თქმით, აღნიშნული კვლევის საფუძველზე კომუნიკაციების კომისიამ ვირტუალური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

„კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით, ასევე კომპანია Strategy Analytics-მა OECD-ის ბენჩმარკინგის მეთოდოლოგიით ჩაატარა მობილური საცალო მომსახურებების ტარიფების კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში ფასები მოთხოვნად შერეულ მომსახურებებზე OECD ქვეყნებთან შედარებით საშუალოზე მაღალია“, – აღნიშნა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა პარლამენტში 2019-2020 წლების ანგარიშის  წარდგენისას.

ბექაურმა მობილური და ფიქსირებული ბაზრის გახსნის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით, კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება.

მისივე განცხადებით, MVNO დაშვებასთან დაკავშირებით კომისიის გადაწყვეტილება ორმა დიდმა ოპერატორმა გააკრიტიკა და წარადგინეს ალტერნატიული საერთაშორისო კომპანიების კვლევა, რომლის მიხედვითაც, ქართული ბაზარი არ საჭიროებდა რეგულაციებს.

„კომისიამ ალტერნატიული დასკვნების შემდეგ, საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Ernst & Young-ს დამატებითი კვლევა დაუკვეთა. Ernst & Young-ის დასკვნაში ნათლად გამოჩნდა, რომ კომისიის როგოც კვლევის შედეგები, ასევე mvno რეგულაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ბაზრის გამოწვევების ადეკვატური იყო“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ MVNO რეგულირება დღესაც სავალდებულოა ნორვეგიაში. მანვე პარლამენტარებს მსოფლიოში ვირტუალური ოპერატორების რაოდენობის და ტენდენციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში 1 300-ზე მეტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი არსებობს, MVNO-ების საბაზრო წილი 63,3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც დაახლოებით მსოფლიო მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის 7,5%-ია. არსებული პროგნოზებით, 2022 წლისთვის MVNO-ების რაოდენობა 18%-ით გაიზრდება და 260 მილიონიან სააბონენტო ბაზას მიაღწევს. 2025 წლისთვის კი შემოსავლები წლიურად საშუალოდ 7,3%-ით გაიზრდება და 89,9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ამ მონაცემებიდანაც ნათლად ჩანს, რომ MVNO ზრდის კონკურენციას და ხარისხს, ხელს უწყობს აუთვისებელი სეგმენტებისთვის მორგებული მომსახურებების შემოტანას, ზრდის ტელეკომ სექტორის წილს ეკონომიკაში და ამასთან საფრთხეს არ უქმნის ქსელის ოპერატორებს“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მობილური ვირტუალური ოპერატორის სავალდებულო დაშვების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ჯერ არ არის ამოქმედებული და ის 2022 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. მისივე განცხადებით, კომისია დაკვირვების პროცესშია და თუ კონკურენცია შეიზღუდება, კონკურენციის შესახებ კანონით იმოქმედებს.