კახა ბექაური - მტკიცდება, რომ „ჯეოსელისა“ და „მაგთიკომის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა დემპინგურ მომსახურებას
კახა ბექაური - მტკიცდება, რომ „ჯეოსელისა“ და „მაგთიკომის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა დემპინგურ მომსახურებას

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, „მაგთიკომმა“ და „ჯეოსელმა“ კანონი დაარღვიეს.

კახა ბექაური კომისიის მიერ დასრულებულ მოკვლევაზე კომენტარს აკეთებს. თუმცა, შესაბამის გადაწყვეტილებას მარეგულირებელი ორგანო 15 მარტს მიიღებს.

„წინასწარი შესწავლით, მტკიცდება და დგინდება, რომ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ამ ორი ოპერატორის მხრიდან დემპინგურ მომსახურებას ჰქონდა ადგილი, რაც ქართული კანონმდებლობით დასჯადია. კანონი ზოგიერთი სამომხმარებლო ჯგუფის მომსახურებას დემპინგური ტარიფებით კრძალავს “, – აცხადებს ბექაური.

კომისიის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ საბოლოოდ ბაზარზე სამართლიანი ტარიფები ჩამოყალიბდება.

„ჩვენი მიზანია, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია შევქმნათ და ზოგიერთ მომხმარებელზე არ იყოს დემპინგური ტარიფი. ბაზარზე უნდა დადგეს კონკურენტუნარიანი და სამართლიანი ტარიფები“, – აღნიშნა ბექაურმა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტარიფების შესწავლას სხვა მიმართულებითაც აგრძელებს. საუბარია, მაგალითად, „მაგთიკომის“, „ჯეოსელისა“ და „ბილაინის“ კორპორატიულ კლიენტებზე.

პირველ დარღვევაზე კომპანიებს, სავარაუდოდ, გააფრთხილებენ. მეორე დარღვევაზე კი გათვალისწინებულია ჯარიმა – შემოსავლის 0.5 პროცენტის ოდენობით.

შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კონსოლიდირებული ტენდერის მომსახურების ფარგლებში, 2017 წელს „მაგთიკომის“ ზარალმა 32 204 577 ლარი შეადგინა, ხოლო „ჯეოსელის“– 7 781 581 ლარი. ამ ეტაპზე უცნობია, რის ხარჯზე აბალანსებდნენ კომპანიები მიღებულ დანაკლისს.

კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, „მაგთიკომი“ და „ჯეოსელი“ სახელმწიფო უწყებებისა და სხვა ორგანიზაციების 200 ათასზე მეტ აბონენტს ემსახურებოდნენ.