კახა ბექაური - მსოფლიოს 80 ქვეყანაში 1 300-ზე მეტი MVNO არსებობს, რომელიც სხვის ქსელს იყენებს, საქართველოში ჯერ არც ერთი
კახა ბექაური - მსოფლიოს 80 ქვეყანაში 1 300-ზე მეტი MVNO არსებობს, რომელიც სხვის ქსელს იყენებს, საქართველოში ჯერ არც ერთი

ვირტუალური ოპერატორები ინოვაციური სერვისების შექმნისა და შეთავაზების ხარჯზე ტელეკომბაზარს ზრდიან და უფრო მეტი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას აჩენენ. დამატებითი შემოსავლები ასევე მიდის დიდ ოპერატორთან, რადგან ქსელი, როგორც უკვე გითხარით, პატარა ოპერატორს სწორედ მისგან აქვს ნაქირავები. მსოფლიომ აღიარა, რომ ეს მოდელი ორმხრივად მომგებიანია, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში გააკეთა.

ბექაური ამბობს, რომ თანამედროვე ტელეკომინდუსტრია დიდი ხანია, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალურ ოპერატორებს (MVNO) ისეთი ინოვაციური სერვისების განვითარება შეუძლიათ, რომლებიც დიდი კომპანიების ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ვირტუალურ ოპერატორებს ქსელის შექმნაზე არ უწევთ რესურსების დახარჯვა, უფრო დიდი შესაძლებლობა აქვთ, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისები შექმნან და ინდივიდუალურად დააკმაყოფილონ აბონენტის მოთხოვნები. ვირტუალურ ოპერატორს შეუძლია. ძალიან კონკრეტულ, ვიწრო სამომხმარებლო ჯგუფზე ააწყოს და განავითაროს სერვისი. ესენი შეიძლება, იყვნენ სტუდენტები, უფროსი კლასის მოსწავლეები, რომლებსაც აბსოლუტურად სხვა მოთხოვნები აქვთ, ვიდრე დავუშვათ – მე. MVNO-ს არსებობის პირობებში იქმნება მრავალფეროვანი პროდუქტები და იზრდება კონკურენცია. ასე მოხდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც სატელეკომუნიკაციო ბაზარი უფრო განვითარებულია, ვიდრე ჩვენთან. რატომ გვჭირდება MVNO და რას მოგვიტანს? მარტივი ჭეშმარიტება აქაც მუშაობს – მეტი კონკურენცია ქმნის უკეთეს ხარისხს და მრავალფეროვან მომსახურებას უკეთეს ფასად. ვირტუალური ოპერატორის შემოსვლა სწორედ ამ სიკეთეს მოიტანს მომხმარებლებისთვის“, – ამბობს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.

მისივე მტკიცებით, საერთაშორისო პრაქტიკა კარგად აჩვენებს, რომ MVNO-ები, მიუხედავად იმისა, რომ ზრდიან კონკურენციას, მათ საშუალოდ მსოფლიო მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის 7.5 პროცენტი უკავიათ.

„ცხადია, MVNO ქართული ნოუჰაუ არ არის. მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში 1 300-ზე მეტი მობილური ვირტუალური ოპერატორი არსებობს, ყველაზე დიდი წილი აბონენტების რაოდენობით, ვირტუალურ ოპერატორებს დანიაში უკავიათ. დანიაში MVNO-ები 18 წელია, არსებობს. 2018-2019 წლის მონაცემებით, არის 50-მდე MVNO და მათ აბონენტების 34 პროცენტი, ხოლო შემოსავლებით – შვიდი პროცენტი უკავიათ. გერმანიაში სულ 135 ვირტუალური ოპერატორია (MVNO), რომლებიც ერთად, აბონენტების მიხედვით, მობილური ტელეკომბაზრის მხოლოდ 20 პროცენტს ფლობენ, ხოლო შემოსავლებით – 28 პროცენტს. ყველაზე მეტი MVNO ამერიკის შეერთებულ შტატებშია, ჯამში 139 კომპანია და მიუხედავად იმისა, რომ MVNO-ები 17 წელია, ამერიკის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შევიდნენ, მათ ბაზრის მხოლოდ 4.7 პროცენტი დაიკავეს. ეს მონაცემები კარგად აჩვენებს, რომ MVNO კომპანიებს ტელეკომბაზრის შემოსავლების დიდი წილი არც ერთ ქვეყანაში არ აქვთ და შემოსავლების კუთხით მძაფრ კონკურენციას ვერ უწევენ ქსელის მფლობელ დიდ კომპანიებს, თუმცა, ისინი ზრდიან კონკურენციას ნიშურ სერვისებზე და ბაზარს განვითარებაში ეხმარებიან. მობილური ვირტუალური ოპერატორი ევროკავშირის ყველა ქვეყანაში არსებობს“, – აცხადებს კახა ბექაური.