კახა ბექაური - მსხვილ ოპერატორებს ვთხოვდი, გაძვირების კონკრეტულ თარიღზე უარი თქვან, გადმოვიდნენ სამუშაო რეჟიმში და დაასაბუთონ, რასაც ზეპირად ამბობენ
კახა ბექაური - მსხვილ ოპერატორებს ვთხოვდი, გაძვირების კონკრეტულ თარიღზე უარი თქვან, გადმოვიდნენ სამუშაო რეჟიმში და დაასაბუთონ, რასაც ზეპირად ამბობენ

შესაძლოა, მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორებმა სხვა ტიპის კონკურენცია გადაწყვიტეს, – განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„რაკი საშუალო და მცირე ოპერატორებისთვის მათი და ზოგადად ინფრასტრუქტურა ადვილად წვდომადი გახდა და საცალო სექტორზე კონკურენცია გაიზრდება, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორებმა სხვა ტიპის კონკურენცია გადაწყვიტეს, რამდენადაც მათ სხვადასხვა სერვისი აქვთ (აიპ ტვ, ანუ ტელევიზია, ორ კომპანიას აქვს მობილური კომუნიკაციების მომსახურება, ფიქსირებული მომსახურება).

ეს ყველა ტიპის ერთიანად მომსახურება არ აქვთ მცირე და საშუალო ოპერატორებს. ამიტომ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორებმა გადაწყვიტეს, გაეკეთებინათ პაკეტები იმ სერვისების მთლიანად, რაც ცალკეულად, ანუ ყველა ერთად არ გააჩნიათ საშუალო და მცირე ოპერატორებს და უფრო მაღალ ფასად შეეთავაზებინათ მომხმარებლისთვის. შესაბამისად, შეიძლება, ეს მართლაც იყოს პასუხი იმაზე, რასაც საშუალო და მცირე ოპერატორები ამბობენ“, – განაცხადა ბექაურმა.

ბექაურმა აქვე აღნიშნა, რომ ამას ვერ დაადასტურებს, რადგან უფრო დეტალურად, ამას კვლევა გამოაჩენს და მოგვიანებით, უფრო დეტალური განმარტებების გაკეთება შეეძლება.

ამ განცხადებით კახა ბექაურმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, უშვებს თუ არა ის ვერსიას, რომ შესაძლებელია, „სილქნეტისა“ და „მაგთის“ გადაწყვეტილება საბითუმო ტარიფების შემცირებას უკავშირდებოდეს, რადგან როგორც საშუალო და მცირე კომპანიების ზოგიერთი წარმომადგენელი მიუთითებს, კონკურენცია გაიზარდა, მაგრამ კომისიის ამ გადაწყვეტილებამ მსხვილ ოპერატორებს არც თუ სახარბიელო ვითარება შეუქმნა.

როგორც ბექაურმა განაცხადა, მისთვის მისაღები არ არის არც ერთი დაუსაბუთებელი ზეპირი, თუ წერილობითი განცხადება.

„მსხვილ ოპერატორებს ამას ვთხოვდი, რომ გაძვირებაზე კონკრეტულ თარიღზე უარი თქვან. მოხსნან, უარყონ თავიანთი განცხადება, გადმოვიდნენ სამუშაო რეჟიმში და დაასაბუთონ ის, რასაც ზეპირად, ასე დაუსაბუთებლად წერილობით ამბობენ, თითქოს, ამდენი და ამდენი ინვესტიციებია. ჩემი ყველა მონაცემით, საცალო ბაზარზე ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა, მაგრამ თუ ასეთი რამ არის, ანუ, ჩვენ არ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია და დამატებით არის საჭირო ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდება, რომლითაც ისინი რაღაცას ასაბუთებენ, კი ბატონო, ამისთვის მზაობა გამოვხატეთ და ვთქვით, რომ მზად ვართ, სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ, სადაც დასაბუთებებს მოვისმენთ, თუ რატომ ახდენენ საცალო ფასების ზრდას. ჩვენი ინფორმაციით, მონაცემებით და ანალიზით ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს“, – განაცხადა კახა ბექაურმა.