კახა ბექაური - მედიაწიგნიერების მიზანია, გვყავდეს კარგად ინფორმირებული მოქალაქე, რომელიც სწორ არჩევანს გააკეთებს
კახა ბექაური - მედიაწიგნიერების მიზანია, გვყავდეს კარგად ინფორმირებული მოქალაქე, რომელიც სწორ არჩევანს გააკეთებს

მედიაწიგნიერების მთავარი ამოცანა არის, რომ ერთი მხრივ, გვყავდეს მაღალკვალიფიციური მედია, რომელიც შექმნის ხარისხიან მედიაპროდუქტს და მეორე მხრივ, გვყავდეს სწორად ინფორმირებული მომხმარებელი, რომელიც გააკეთებს სწორ არჩევანს, – ეს განცხადება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა „იმედის“ ეთერში გააკეთა. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მულტიმედიური პლატფორმები ყოველდღე ვითარდება, როცა ყალბი ახალი ამბებისა და პროპაგანდის რისკები ძალიან დიდია, მეორე მხრივ კი, ხარისხიანი მედიაპროდუქტის დეფიციტია, მედიაწიგნიერება ერთადერთი ინსტრუმენტია ამ პრობლემების გადასაჭრელად.

„საბოლოო ჯამში, ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი არის, მომხმარებელი – სწორად ინფორმირებული მოქალაქე. მედიაწიგნიერების მიზანია, გვყავდეს კარგად ინფორმირებული მოქალაქე, რომელიც სწორ არჩევანს გააკეთებს. ვინაიდან ინფორმირებული მოქალაქე ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე არჩევნების დროს“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, გარდა ამისა, პროექტი მედიამენეჯერებს დაეხმარება, სწორად გადაეწყონ ახალ გამოწვევებზე და თანამედროვე ტექნოლოგიები ეფექტურად დანერგონ.

„დღეს, როცა დიდ მედიასაშუალებებსაც არ აქვთ განვითრებული მულტიმედია პლატფორმები და ჩამორჩებიან მომხმარებლის მოთხოვნებს, აუცილებელია ამ მიმართულების განვითარება. მაშინ, როცა ბიზნესმოდელი თანამედროვე ეპოქაში სრულად იცვლება, მედიამენეჯრებისთვისაც იცვლება რეალობა. კლასიკურ მედიაში, სადაც დალაგებული იყო ყველაფერი, მედიამენეჯერმა იცოდა, რომ საკუთარ დროს და პროდუქტს ყიდდა მომხმარებელზე და სარეკლამო ბაზარზეც სხვა ალტერნატივა არ იყო, დღეს რეკლამამ გადაინაცვლა ინტერნეტპლატფორმებზე, სადაც აბსოლუტურად სხვა ტიპის პროდუქტებია საჭირო რეკლამის მისაღებად, ვიდრე ეს კლასიკურ მედიაშია. ამიტომ, მედიამენეჯერებმა უნდა იმუშაონ ამ მიმართულებით, მიიღონ ინფორმაცია, რომ სწორად აითვისონ ინტერნეტრეკლამა და არ დაკარგონ ეს ბაზარი, სწორედ ამაში დაეხმარება მათ მედიაწიგნიერების პროექტი“,- განაცხადა კახა ბექაურმა.