კახა ბექაური - „მაგთიკომი“ ბოროტად იყენებდა მნიშვნელოვან ძალაუფლებას, რასაც კომისია ვერ დაუშვებდა
კახა ბექაური - „მაგთიკომი“ ბოროტად იყენებდა მნიშვნელოვან ძალაუფლებას, რასაც კომისია ვერ დაუშვებდა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე კომპანია „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირების გადაწყვეტილება შეუჩერა. კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განცხადებით, კომისიამ გადაწყვეტილება მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

ბექაური ამბობს, რომ ერთი მხრივ „მაგთიკომის“ გადაწყვეტილება მომხმარებლებს აყენებდა ზიანს, მეორე მხრივ კი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს არაკონკურენტულ პირობებში აყენებდა, ვინაიდან 18 თებერვლიდან მცირე ოპერატორების აბონენტები დიდი ოპერატორის ქსელში 0 თეთრის ნაცვლად 24 თეთრად დარეკავდნენ, რაც მცირე კომპანიებს აბონენტებს დააკარგვინებდა და ბაზრიდან გააქრობდა.

კომისიის თავმჯდომარემ დღეს გამართულ სხდომაზე კომპანია „მაგთიკომის“ წარმომადგენლებს ჰკითხა, რატომ გადაწყვიტეს იმ ტარიფის გაზრდა, რომელიც აქამდე მომგებიანი იყო, მაშინ როცა მათ მთელი რიგი ხარჯები და გადასახადები შეუმცირდათ.

„კითხვა დაგისვით, რაზეც მიპასუხეთ, რომ „მარტივი 25“ აქამდეც მომგებიანი იყო, ასევე გაგახსენებთ, რომ ჩვენი ჩართულობით მოგეხსნათ სუბსიდირება კონსოლიდირებულ და რამდენიმე მსხვილ კორპორაციულ ტენდერზე. მოხდა თანხების ეკონომია, რომელიც თქვენს კომპანიას გასავლის სახით ჰქონდა, ამიტომ ყველანაირი საფუძველი არსებობდა იმისა, რომ თქვენ 2019 წლის იანვრიდან, სამომხმარებლო ტარიფები, მათ შორის ეს პაკეტიც გაგეიაფებინათ და არა პირიქით. არანაირი საფუძველი არ არსებობდა იმისა, რომ ტარიფები გაგეძვირებინათ.

„მაგთიკომი“ 25-ლარიანი ულიმიტო პაკეტით ყველა ოპერატორის აბონენტს 0 თეთრად არეკინებდა ერთმანეთთან. ახალი ტარიფი, რომელიც 18 თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო, მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის ძვირდებოდა და 0 თეთრის ნაცვლად, 24 თეთრი ხდებოდა. ანუ, ამ გადაწყვეტილებით, „მაგთიკომმა“ სატარიფო ზემოქმედება მოახდინა მცირე და საშუალო ოპერატორებზე. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიხედვით, კომპანია ბოროტად იყენებდა მნიშვნელოვან ძალაუფლებას, რასაც კომისია ვერ დაუშვებდა“, – განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, კომპანიამ ტარიფების გაძვირების გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ არ შეუსწავლია ხარჯზე ორიენტირებულობა. კერძოდ, რამდენად იყო ხარჯზე ორიენტირებული ახალი ტარიფი, რისი ვალდებულებაც კომპანია „მაგთიკომს“ 2011 წლის კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად აქვს.

„მიუხედავად იმისა, რომ „მაგთიკომს“ არ ჰქონდა ვალდებულება კომისიასთან წინასწარ შეეთანხმებინა ტარიფების ცვლილება, იგი ვალდებული გახლდათ შეესწავლა, ახალი ტარიფი იყო თუ არა ხარჯზე ორიენტირებული. კომისიამ მცირე და საშუალო კომპანიების მიერ კომისიაში წარდგენილი საჩივარი შეისწავლა და დარწმუნდა, რომ კომპანიას აღნიშნული საკითხი შესწავლილი არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ, კომისიამ აუკრძალა „მაგთიკომს“ ორშაბათიდან ტარიფების გაძვირება და საცალო ბაზრის კვლევის დასრულებამდე გადაწყვეტილების შეჩერება დაავალდებულა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს“, – აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.