კახა ბექაური - კომუნიკაციების კომისიას, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ მოქმედი კანონით, მობილურ და რადიოკომპანიებში დროებით მმართველის დანიშვნა დღესაც შეუძლია
კახა ბექაური - კომუნიკაციების კომისიას, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ მოქმედი კანონით, მობილურ და რადიოკომპანიებში დროებით მმართველის დანიშვნა დღესაც შეუძლია

მობილური კომუნიკაციების კომპანიებში, რომლებიც ფლობენ სიხშირულ რესურს ან კომუნიკაციების კომისიისგან მინიჭებული აქვთ ლიცენზია, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხევაში, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონით, კომუნიკაციების კომისიას დღესაც შეუძლია დროებითი მმართველის დანიშვნა, – ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა ბიზნესისა და დარგობრივი კომიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ასე რომ, თითქოს ეს არის ახალი უბედურება კანონმდებლობაში და სასწაული, რომელმაც შეიძლება ინვესტიციები დააზიანოს და ა.შ. არის  აბსურდი, არაარგუმენტირებული და უსაფუძვლო მსჯელობები“ , – განაცხადა ბექაურმა.

მისივე თქმით, დღეს შედეგიანი შეხვედრა იყო, კომიტეტთან ერთად გაანალიზდა გარკვეული მოსაზრებები და ოპერატორებთან შეჯერდა პოზიციები.

„ფუნდამენტური საკითხი, რომელზეც გუშინ ოპერატორებს პრობლემა ჰქონდათ, გადაწყვეტილების შეუსრულებლობისას დროებითი მმართველის მიერ კომპანიის წილის ან აქტივების გასხვისებას ეხებოდა. თუ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება არ შესრულდებოდა, დროებით მმართველს ჰქონდა შესაძლებლობა, კომპანიის წილი ან აქტივი გაესხვისებინა. დღეს ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება, რომ დროებითი მმართველი თუ ვერ აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას იმ ვადაში, რა ვადაც იყო კანონპროექტში მოცემული, მოვხსენით ეს ვადა და მმართველი დარჩება, ვიდრე კომისიის გადაწყვეტილება არ აღსრულდება, მაგრამ მას აღარ ექნება უფლებამოსილება, კომპანიის წილი ან აქტივები გაასხვისოს. თუ ვერ აღსრულდა კომისიის გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ამის დამაბალანსებელი, რომ რაღაც დროს აღსრულდეს კომისიის გადაწყვეტილება. შესაბამისად, მმართველი მანამდე უნდა არსებობდეს, ვიდრე არ აღსრულდება კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება“, – განაცხადა სამუშაო შეხვედრის შემდეგ კახა ბექაურმა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს ასევე შეთანხმდნენ, რომ კანონში ცვლილება ორ საკითხს მოიცავს. კერძოდ, ცვლილება შეეხება მხოლოდ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რომელიც ბაზარზე კონცენტრაციის ცვლილებას გამოიწვევს და ასევე, ცვლილება შეეხება კომპანიის წილებისა და აქტივების კომისიის ნებართვის გარეშე გასხვისებას.

„კომიტეტზე წარდგენისას გუშინაც ვთქვი და დღეს დავაზუსტეთ ის გადაწყვეტილებები, რომლის არშესრულების შემთხვევაშიც შეიძლება, დროებითი მმართველი დანიშნოს კომუნიკაციების კომისიამ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს დანიშვნა სასამართლო კონტროლს გადის, ანუ სასამართლოში გასაჩივრება შესაძლებელია. კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შემოფარგლული იქნება კონცრენტრაციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საკითხებით, ანუ ის გადაწყვეტილებები და კომპანიის ქმედებები, რომლებიც მნიშვნელოვანი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს და კონცენტრაციის ცვლილებას გამოიწვევს ბაზარზე. კერძოდ, ეს არის წილის უნებართვოდ  გასხვისება, შერწყმა, აქტივების გასხვისება და იმ სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობა, რომელიც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს შეიძლება ჰქონდეთ დაკისრებული. აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა ვთქვა, რომ ავტორიზებული და ლიცენზირებული პირების ნაწილში, რა თქმა უნდა, კომისიის უფლებამოსილების ოდნავ გაფართოებაა, თუმცა, არა მნიშვნელოვნად, რადგან ერთი მხრივ კომისიის გადაწყვეტილებების არ შესრულებაზე სულ მცირე ოთხი ჯარიმა უნდა მიიღოს კომპანიამ, ანუ ერთი გაფრთხილება და სამი ფულადი ჯარიმა, რომ ჩაირთოს დროებითი მმართველის მექანიზმი“, – განმარტა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, კომუნიკაციების კომისიას, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ მოქმედი კანონით, მობილურ კომპანიებსა და რადიო კომპანიებში დროებით მმართველის დანიშვნა დღესაც შეუძლია.

„მობილური კომუნიკაციების კომპანიებში, რომლებიც არიან ლიცენზიების მფლობელები და ფლობენ სიხშირულ რესურსს ან მინიჭებული აქვთ კომუნიკაციების კომისიისგან ლიცენზია, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხევაში, კომუნიკაციების კომისიას დღესაც შეუძლია დროებითი მმართველის დანიშვნა. უბრალოდ იქ არის ოდნავ განსხვავებული მექანიზმი, რომ სასამართლო ნიშნავს ჩვენი მიმართვის საფუძველზე, ხოლო აქ  არის, რომ ჩვენ ვნიშნავთ და სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვთ კომპანიებს და სასამართლოს შეუძლია, გააჩეროს ჩვენი გადაწყვეტილება. ეს ოდნავი სხვაობაა ამაში, ვინაიდან დღეს მნიშვნელოვანი ძალაუფლების კომპანიების, „სილქნეტის“, „მაგთიკომის“, „ვიონი საქართველოს“ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა დღევანდელი კანონმდებლობითაც იწვევს დროებითი მმართველის დანიშვნას და ეს მექანიზმი ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ კანონში დღესაც დევს. შესაბამისად, ამ მხრივ კანონმდებლობაში არაფერი განსაკუთრებული არ იცვლება, სინამდვილეში უმარტივესი ცვლილებაა“, – აცხადებს კახა ბექაური.