კახა ბექაური - კომუნიკაციების კომისიას ინფორმაცია მხოლოდ იმის შესახებ აქვს, ამა თუ იმ ტელევიზიამ რამდენი სარეკლამო შემოსავალი მიიღო
კახა ბექაური - კომუნიკაციების კომისიას ინფორმაცია მხოლოდ იმის შესახებ აქვს, ამა თუ იმ ტელევიზიამ რამდენი სარეკლამო შემოსავალი მიიღო

დღეს კომისიას ინფორმაცია მხოლოდ იმის შესახებ აქვს, ამა თუ იმ ტელევიზიამ რამდენი სარეკლამო შემოსავალი მიიღო, – განაცხადა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

„ამის იქით, ისიც კი არ ვიცით, სად, რომელ ნაწილში რა დაიხარჯა, თუნდაც, სარეკლამო დანახარჯები, რომელიც უშუალოდ რეკლამის მიმცემმა გადაიხადა, სანამ ტელევიზიამდე მივიდოდა. მით უმეტეს, არ ვიცით სხვა ტიპის შემოსავლების შესახებ, რომელიც შესაძლოა, ტელევიზიებს სარეკლამო შემოსავლების გარდა ჰქონდეთ“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

ამ განცხადებით კახა ბექაურმა გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, ექნებოდა თუ არა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ინფორმაცია, ვთქვათ, „ტელემედიაში“ რომ პოლიტიკური ფული ტრიალებდეს, ან რომელიმე ტელევიზია რუსეთიდან ფინანსდებოდეს.

როგორც ბექაურმა აღნიშნა, 2013 წელს, როცა პარლამენტმა მეტი გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო, კომისიამ ამ კანონის შესაბამისად ფორმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ტელევიზიები დაავალდებულა, თავიანთი შემოსავლები დეტალურად ჩაეშალათ.

„ჩვენ ისინი დავავალდებულეთ, შემოსავლები დეტალურად ჩაეშალათ. მათ შორის, ფულს საიდან იღებენ, ეს რისი ფულია, სუბსიდიაა, კაპიტალში შენატანია, კრედიტია, თუ რა არის, მაგრამ ეს ვალდებულება მაუწყებლებმა გაასაჩივრეს. ამაში არასამთავრობო სექტორიც იყო ჩართული, რომელმაც რატომღაც, ნეიტრალური პოზიცია დაიკავა“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

მისი თქმით, დავა, რომელიც სასამართლოში სამი წლის განმავლობაში ჭიანურდებოდა, კომისიამ სულ რამდენიმე კვირის წინ მოიგო.

„სასამართლომ თქვა, რომ მაუწყებლების მოთხოვნა არაკანონიერი, არასწორია და სწორია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოთხოვნა. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციებში არ გასაჩივდება და დრო კიდევ არ გაიწელა, ჩვენ აღსრულებას დავიწყებთ“, – განაცხადა კახა ბექაურმა.