კახა ბექაური - კომუნიკაციების ეროვნული კომისია საცალო ბაზარზე ზედა ზღვრული ტარიფების დადგენის მიზნით კვლევას დაიწყებს
კახა ბექაური - კომუნიკაციების ეროვნული კომისია საცალო ბაზარზე ზედა ზღვრული ტარიფების დადგენის მიზნით კვლევას დაიწყებს

თუ კომპანიებისგან გაძვირების შეჩერება არ იქნება, ჩვენ საცალო ბაზრის კვლევას დავიწყებთ, – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ჩვენ დავიწყებთ საცალო ბაზრის სეგმენტზე, ნებისმიერ მობილურ, თუ ფიქსირებული მომსახურების ბაზრის კვლევა-შესწავლას, რომ გამოვლინდეს, გარდა იმ მომსახურებისა, რაზეც უკვე გამოვლენილია მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორები, კიდევ დამატებით სერვისებზე სად არიან და რომელი ოპერატორია მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორი. ბაზრის კვლევა დაიწყება იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოვახდინოთ. კერძოდ, საცალო ბაზარზე ზედა ზღვრული ტარიფები დავადგინოთ. ამაზე დავალება უკვე გავეცი და სავარაუდოდ, ეს შემდეგ კვირაში მოხდება. დღის წესრიგში ჩაიდება ორშაბათს, კომისიის სხდომა ხუთშაბათს არის და ხუთშაბათს ალბათ, კომისია ბაზრის კვლევას დაიწყებს, საცალო ბაზარზე, ზედა ზღვრული ტარიფების დადგენის მიზნით“, – განაცხადა ბექაურმა.

მისი თქმით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში, აქტიურად იმუშავა, ძირითადად, საბითუმო ბაზარზე იყო კონცენტრირებული და 2019 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციის შესახებ რამდენიმე რეგულაცია.

„კერძოდ, ლიბერალური და მსხვილი ოპერატორების („მაგთი“, „ჯეოსელი“ და სხვა მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორები) არსებულ ინფრასტრუქტურაზე თავისუფალი დაშვების საშუალება მივეცით საშუალო და მცირე ოპერატორებს, ხარჯზე ორიენტირებული ტარიფებით“, – განაცხადა ბექაურმა.

როგორც ბექაურმა აღნიშნა, 2019 წლის პირველი იანვრიდან ნებისმიერ ოპერატორს შეუძლია, ხარჯზე ორიენტირებული ტარიფებით, მათ ქსელზე თავისუფალი დაშვება მოახდინოს და მომხმარებელს თავისი სერვისები მიაწოდოს ისე, რომ საკუთარი ქსელი არ ააშენოს და დიდი ინვესტიციები არ გაწიოს.

„რა თქმა უნდა, შემცირდა დაშვების ხარჯები და მომხმარებელზე მომსახურების მიწოდების დანახარჯები. საშუალო და მცირე ოპერატორებს ამით საშუალება მიეცათ, საბითუმო ბაზარი უფრო ლიბერალური გამხდარიყო, რომლის საშუალებითაც, მათ ბიზნესი უნდა აწარმოონ“, – განაცხადა ბექაურმა.

მისივე თქმით, თავისუფალი ბაზარი უფრო ლიბერალური გახდა, საშუალო და მცირე ოპერატორებს შეუძლიათ ნებისმიერი საბითუმო მომსახურების მიღება, საცალო მომხმარებელთან ბიზნესის კეთება, რაც უფრო გაადვილდა, დაიწია საბითუმო ინტერნეტის ფასებმა და გაიაფდა ყველა საბითუმო ინფრასტრუქტურაზე დაშვება (კანალიზაციის ჭები, ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილები, აქტიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხები).