კახა ბექაური - კომპანიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ და მოსახლეობას საკომუნიკაციო სერვისებზე შეღავათები დაუწესონ
კახა ბექაური - კომპანიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ და მოსახლეობას საკომუნიკაციო სერვისებზე შეღავათები დაუწესონ

კომუნიკაციების კომისია მობილურ ოპერატორ კომპანიებს აქტიურ სამუშაო რეჟიმში გადასვლისკენ მოუწოდებს.

კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა კომპანიებს მიმართა, მოახდინონ რესურსების სრული მობილიზება, რათა ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა გამართულად და შეუფერხებლად მუშაობდეს.

კახა ბექაურის თქმით, მნიშვნელოვანია, შექმნილ კრიტიკულ ვითარებაში, კომპანიები დაეხმარონ მოსახლეობას და მომსახურებებზე გარკვეული შეღავათები დაუწესონ.

„მოცემულ სიტუაციაში ისეთი კრიტიკული მომსახურებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, როგორიც არის სატელეკომუნიკაციო სერვისები, საერთოდ სხვა რეჟიმში უნდა მუშაობდეს, რათა ჩვენს მოსახლეობას გარკვეული შეღავათები მივცეთ და დავეხმაროთ. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ შემდეგი ორი-სამი თვის განმავლობაში, განვსაზღვროთ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენს სფეროში, რათა მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას და შეუფერხებლად მიიღოს სატელეკომუნიკაციო სერვისები“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა.

ამასთან, კომისიის ინფორმაციით, სწორედ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომისიამ მოუწოდა კომპანია „მაგთიკომს“, თავად შეაჩეროს 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტის დაანონსებული გაუქმება, რადგან მსგავს ვითარებაში არ არის პაკეტების გაძვირება-არ გაძვირებაზე საუბრისა და მსჯელობის დრო.

„ახლა დღის წესრიგში საერთოდ არ უნდა დადგეს მსგავსი საკითხები.  მინდა, კომპანიას მოვუწოდო, რომ სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ და არა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვისაუბროთ პაკეტების გაძვირება-არ გაძვირებაზე, რადგან ბევრი წელია, ეს პაკეტი არსებობს ბაზარზე და მოსახლეობა მიჩვეულია მას.  კომისიის პოზიცია ასეთია და ახლა კომპანიამაც უნდა გადადგას ნაბიჯი. არ მგონია, „მაგთიკომს“ რამე უშლიდეს ხელს დაანონსებული გადაწყვეტილების შეჩერებაში.  ამიტომ გთავაზობთ, დღეს გადავდოთ 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტის გაუქმების საკითხის განხილვა და ეს კვირა მთლიანად გამოვიყენოთ, იმისთვის, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებები და კორექტირება მოვახდინოთ. კომისია მზად არის, ყოველდღიურ რეჟიმში სამუშაოდ და კომპანიისგან შემხვედრ ნაბიჯებს ველოდებით“, – განცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა.